Aa
Aa

"ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა", - სუარესი მსაჯებს აკრიტიკებს

ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლა სულ უფრო იძაბება, რაც ნეიტრალური მაყურებლისთვის სასიამოვნო სანახავია. 4 აპრილს, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, რამაც „ბარსელონასა“ და „რეალს“ დიეგო სიმეონეს გუნდთან მიახლოების საშუალება მისცა.

შეტევა აშკარა ხელით დაიწყო, რომელსაც საბოლოოდ გოლი მოჰყვა

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი მარცხენა მცველი აკუნია გახდა, თუმცა საგოლე შეტევის დასაწყისში ოკამპოსს ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა მომენტი გაატარა. შემდეგ ბევრი პასი გაკეთდა და საბოლოოდ, გოლის შემდეგ ვიდეო რეფერიმ ეს მომენტი მნიშვნელოვნად აღარ ჩათვალა.


ლუის სუარესმა შეხვედრის შემდეგ, ქომაგებს მიმართა. „ელ პისტოლერომ“ ოპტიმიზმი გამოხატა და ასევე მსაჯების მიმართ კრიტიკასაც არ მოერიდა:

რა თქვა სუარესმა

„არ აქვს გამართლება, როდესაც აგებ. შენ ყოველთვის უნდა ეცადო, რომ უკეთესი გახდე. არავის უთქვამს, რომ ეს ადვილი იქნებოდა. წარმატების მისაღწევად შენ ყოველთვის უნდა იბრძოლო, ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ, რადგან შენ არავინ არაფერს მოგცემს. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და პოზიტივს ველოდოთ.

ოკამპოსს ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა. ხელით თამაში კიდევ ერთ ეპიზოდშიც იყო, სადაც მეტოქე მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა. შევეცადე ეს არბიტრისთვის ამეხსნა. ჩვენ გვაქვს ვიდეო რეფერი, რომელმაც ასეთ მომენტებში უნდა იმუშაოს და მსაჯს დაეხმაროს, თუმცა დღეს ასე არ ყოფილა. სხვა დღეებში ის გვეხმარებოდა, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა“.

მადრიდელებმა ასევე კიდევ ერთი მომენტი გააპროტესტეს, როდესაც „სევილიელმა“ დიეგო კარლოსმა ბურთი ხელით გააჩერა და სახიფათო შეტევა ჩაშალა. მას ყვითელი ჰქონდა და იმ მომენტში მსაჯს მისი გაძევება თავისუფლად შეეძლო.

მადრიდელთა ამ მარცხის შემდეგ ლა ლიგა კიდევ უფრო დაძაბული გახდა. „რეალი“ სიმეონეს გუნდს უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ბარსელონა“ „ვალიადოლიდთან“ მოგების შემთხვევაში სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები