„იუვენტუსიდან ბაიერნამდე, მასზე ყველა გიჟდება
Aa
Aa

„იუვენტუსიდან ბაიერნამდე, მასზე ყველა გიჟდება" - იტალიაში ხვიჩა დაახასიათეს

უცხოურ პრესაში „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად იწერება და ამჯერად, 20 წლის შემტევზე სტატია Calciomercato.com-მა გამოაქვეყნა. სტატიის სათაური ასეთი გახლავთ - „იუვენტუსიდან ბაიერნამდე, კვარაცხელიათი ყველა გიჟდება: ვინ არის ქართველი ტალანტი“ და ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ „კვარას“ დახასიათება შემოგვთავაზა.

„ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ახლად გამოჩენილი ფეხბურთელი 20 წლის მარცხენა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. ქართველი შემტევი, რომელსაც ორივე ფეხით კარგად თამაში ეხერხება, რუბინის რიგებში ასპარეზობს და ქართული პრესის ინფორმაციით, მან იუვენტუსი, მილანი და ბაიერნი დააინტერესა. სანამ მოვლენების განვითარებას ველოდებით, მოდით, გავიცნოთ ეს ტალანტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბუსკეტსისა და მორატას ესპანეთის ნაკრები შეაშინა.

წინდახედულობა, სატრანსფერო ბაზარზე საუკეთესო ტალანტებისთვის ყურადღების მიქცევა და ფხიზლად ყოფნა, რათა კონკურენტების მომავლისთვის პერსპექტიული ფეხბურთელების წართმევით დარტყმის მიყენების შანსი არ გამოგეპაროს - ის წესებია, რომლებიც დიდი, მაგრამ არა ასტრონომიული ბიუჯეტით წარმატებული პროექტის შექმნის საშუალებას იძლევა. ეს სწორედ ისაა, რაც დღესდღეობით იუვენტუსს სჭირდება და სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ასეთი პროფილის მოთამაშეთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოიაზრება.

მისი სახელი ნუ შეგაშინებთ. გასულ კვირას, იუვენტუსის ცენტრფორვარდს, ალვარო მორატასა და მთლიანად ესპანეთის ნაკრებს შეეშინდა, როცა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების მაისურით ფურია როხას გაუტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ესპანეთს ჩამორჩენის აღმოფხვრა და სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ბოლო წუთამდე გაუჭირდა. ქართველმა ტალანტმა თავი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მიჯრით მეორე შეხვედრაშიც გამოიჩინა და საბერძნეთს გაუტანა. აქა-იქ გატანილი გოლების გარდა, რუბინის გარემარბი, რომელიც ორივე ფეხით კარგად თამაშობს, უამრავი დრიბლინგითა და გამონათებებით გამოირჩა და ევროპაში მასზე საუბარი დაიწყეს.

ხვიჩას შესახებ ქართულ პრესაშიც საუბრობენ და მას ცნობილ ევროპულ გუნდებს უკავშირებენ. ბაიერნი და მილანი ის კლუბები იყვნენ, რომლებსაც ახსენებდნენ, თუმცა ბოლოდროინდელი ინფორმაციით, მისი აგენტი მალე იტალიაში იქნება, რათა არა მხოლოდ მილანს, არამედ იუვენტუსსაც დაელაპარაკოს.

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის დინამოს აღზრდილია და სამშობლოს დატოვების შემდეგ, მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობდა, საიდანაც რუბინში გადავიდა. ევროპაში მის წასაყვანად 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდა იქნება საჭირო“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი მთავარი მიზანი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებაა, თუმცა დასძინა, რომ ყაზანელებს გრანდებისთვის უარის თქმა გაუჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები