Aa
Aa

"ქულას ვიმსახურებდით" - პოჩეტინო ლილთან მატჩის შემდეგ

ლიგა 1-ის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „პარი სენ ჟერმენმა“ „ლილს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ პარიზული გრანდის დამრიგებელმა მაურისიო პოჩეტინომ პრესკონფერენცია გამართა

რა თქვა პოჩეტინომ?

"ყველაფერი გართულდა. ყველამ ვიცოდით, რომ ტიტულისთვის ბრძოლა საკმაოდ რთული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ.

მოწინააღმდეგემ ჩვენზე გაცილებით ნაკლები მომენტი შექმნა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მათ უფრო უკეთესად ითამაშეს. ვფიქრობ მინიმუმ ქულას მაინც ვიმსახურებდით. შედეგით ყველა იმედგაცრუებულები ვართ.

საკმარისად ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. მართალია „ლილზე“ მეტი შევქმენით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მოვიკოჭლეთ. აგრესიულობის ნაკლებობა შეიმჩნეოდა. ბოლომდე მჯეროდა, რომ ბიჭები თამაშში გარდატეხას შეიტანდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ."

ნეიმარის გაძევება

შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. 90-ე წუთზე მინდვრიდან ნეიმარი გააძევეს. ამის მიზეზი კი მისი უხეშობა გახდა. პარიზელთა შეტევის დროს ბურთი ბრაზილიელმა მიიღო, მას კი პორტუგალიელი დიალო გამოეკიდა და ბურთის ართმევა სცადა. „ლილის“ მარჯვენა მცველი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ნეიმარს საკმაოდ მარტივად გაუმკლავდა.

ეს ყველაფერი 30 წლის შემტევმა ვერ მოითმინა და დიალოს წინააღმდეგ არასპორტულად მოიქცა. მსაჯმა მას ეს არ აპატია და წითელი ბარათი აუფრიალა.

სატურნირო მდგომარეობა

ამ გამარჯვების შემდეგ, „ლილი“ ლიგა 1-ს ჩაუდგა სათავეში. პოჩეტინოს გუნდი კი 63 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

„პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე 7 აპრილს მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება. პსჟ მეოთხედფინალურ სტადიაზე „ბაიერნს“ ესტუმრება. განმეორებითი შეხვედრა 13 აპრილით თარიღდება.

ცნობისთვის, გერმანულ გრანდს ტრავმის გამო ლევანდოვსკი არ ეყოლება, პარიზელებს კი მარკო ვერატი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები