ოუენს გადაასწრო და რაშამდე ცოტა დააკლდა - სალაჰის მორიგი მიღწევა
Aa
Aa

ოუენს გადაასწრო და რაშამდე ცოტა დააკლდა - სალაჰის მორიგი მიღწევა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ „არსენალს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ხსენებული დაპირისპირება მერსისაიდელთა ეგვიპტელი შემტევისთვის მოჰამედ სალაჰისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

სალაჰის მიღწევა

სტუმართა მხრიდან დუბლის შესრულება დიოგო ჟოტამ შეძლო, ხოლო 1 გოლი „ფარაონის“ ანგარიშზეა.

ამ გოლით 29 წლის ფეხბურთელს „ლივერპულის“ შემადგენლობაში 50 გასვლითი გოლი დაუგროვდა. მოჰამედმა ეს ყველაფერი 93 ჩატარებულ მატჩში მოახერხა და მაიკლ ოუენის შედეგი გააუმჯობესა.

ინგლისელ ყოფილ ფეხბურთელს 50 გოლის გასატანად 99 შეხვედრა დაჭირდა. აღსანიშნავია, რომ სალაჰს ამ სტატისტიკაში იან რაში ჯობნის, რომელმაც მერსისაიდული გრანდის მაისურით 50 გასვლითი გოლი 92 მატჩში გაიტანა.

სალაჰი მიმდინარე სეზონში

„ფარაონმა“ ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. 26-დან 18 პრემიერ ლიგაზე მოდის და ეგვიპტელი ინგლისის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მე-2 ბომბარდირია. პირველ პოზიციაზე ჰარი კეინია 19 შედეგიანი დარტყმით. სალაჰმა 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა თავი, 3-ჯერ კი FA Cup-ზე აიღო მეტოქეთა კარი.

"ლივერპული" წელს

მერსისაიდული გრანდი მიმდინარე სეზონში ცუდად გამოიყურება. კლოპის შეგირდებს პრემიერ ლიგაში 30 ტურის შემდეგ 49 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან. 7 ფრე, 9 მარცხი და 14 გამარჯვება - ასეთია მოქმედი ჩემპიონის სტატისტიკა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "ლივერპული" მეოთხედფინალში მადრიდის "რეალს" უნდა შეხვდეს. კლოპს დაცვაში კვლავ პრობლემები აქვს. ვან დაიკი, გომესი და მატიპი ისევ ტრავმირებულები არიან. მსგავსი სახის პრობლემა შეექმნა "ბლანკოსსაც". სერხიო რამოსმა კუნთის დაზიანება მიიღო და ორივე მატჩს გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები