Aa
Aa

"კეინის ნაცვლად ჰოლანდი იყიდეთ" - სქოულზის რჩევა მანჩესტერს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი ამბობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "წითელი ეშმაკების" მთავარი პრიორიტეტი თავდამსხმელის შეძენა უნდა იყოს. ლეგენდარული ინგლისელი, ყოფილ კლუბს ურჩევს, რომ ჰარი კეინის ნაცვლად ერლინგ ჰოლანდისთვის იბრძოლოს.

რა თქვა სქოულზმა?

"პირველ რიგში "მანჩესტერს" ცენტრალური თავდამსხმელი ჭირდება. ვფიქრობ, ის თავდამსხმელები, რომლებიც ახლა გუნდს ჰყავს ძალიან კარგები არიან, მაგრამ არიან ისინი ნამდვილი ფორვარდები? თამაშობენ ისინი სუფთა ცენტრალური თავდამსხმელივით? მგონი არა..

როდესაც ედისონ კავანი თამაშობს, ყველაფერი რიგზეა და კლუბს საჯარიმოს თავდამსხმელი ჰყავს, მაგრამ ურუგვაელი ხშირად იღებს ტრავმას. ასევე ასაკშია და ტრავმიანობა უფრო მატულობს.

„იუნაიტედს“ სჭირდება ადამიანი, რომელიც გამუდმებით ითამაშებს და ასეთი ერლინგ ჰოლანდია. ნორვეგიელი საკმაოდ ძვირი დაჯდება. ასევე არის ჰარი კეინი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით მას „სპურსში“ სურს დარჩენა.

ორივე კარგი იქნებოდა, მაგრამ არჩევანი ჩემზე რომ იყოს აუცილებლად ჰოლანდს ავირჩევდი. მისი ასაკი და შესაძლებლობები გასაოცარია. მისი გადმოყვანა ძალიან რთული იქნება, რადგან ნორვეგიელით უამრავი ევროპული გრანდი ინტერესდება.

კეინიც ძალიან მომწონს. როდესაც მისი პირველი თამაში ვიხილე, რუუდ ვან ნისტელროის შევადარე. მას მომაკვდინებელი დარტყმა და უნარები აქვს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ კარიერის ამ ეტაპზე ჰოლანდი „წითელ ეშმაკებს“ გაცილებით მეტს მიცემს, ვიდრე კეინი."

სად შეიძლება გადავიდეს ერლინგი?

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის აგენტი მინო რაიოლა და ჰოლანდის მამა ევროპაში მოგზაურობენ და სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს ესაუბრებიან. მაგალითისთვის, ორივე მათგანი ჯერ კატალონიაში ჩაფრინდა და „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობას ესაუბრა, შემდეგ კი იგივე მადრიდში „რეალის“ წარმომადგენლებთან მოხდა.

უკანასკნელი ინფორმაციით კი რაიოლა და ალფ-ინგე ინგლისშიც გაემგზავრნენ და პრემიერ ლიგის გუნდების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. სასაუბრო თემა ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, 20 წლის თავდამსხმელის ტრანსფერს შეეხებოდა.

"დორტმუნდის" პოზიცია

საინტერესოა, რომ რაიოლასა და ალფ-ინგე ჰოლანდის მოგზაურობას „დორტმუნდის“ სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „შავ-ყვითლები“ ამ ზაფხულს ნორვეგიელი თავდამსხმელის გასხვისებას არ აპირებენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან, ძალიან მშვიდად ვარ და ვიცი, რა გვინდა. ჩვენ ჰოლანდის გაყიდვას არ ვგეგმავთ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ორი ადამიანის, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე რუჯის მიღება გადაწყვიტეს“.

ცნობისთვის, „დორტმუნდის“ პოზიციის მიუხედავად, გერმანულ პრესაში წერენ, რომ „შავ-ყვითლები“ ჰოლანდის გასასხვისებლად მზად არიან და მის სანაცვლოდ მინიმუმ 180 მილიონი ევროს მიღება სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები