Aa
Aa

"მხოლოდ 1 ვარჯიში გვქონდა" - კლოპი არსენალთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ლონდონის "არსენალი" მოქმედ ჩემპიონს "ლივერპულს" უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

კლოპი

"სამწუხაროდ, ჩვენ ოცნების ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ მკითხავთ ამ ეტაპზე რას ვიოცნებებდი, გეტყვით, რომ ვისურვებდი მაქსიმუმის მიღწევას იმ დარჩენილ შეხვედრებში, რომლებიც წინ გველის.

3 კვირაა თამაში არ გვქონია, თუმცა ჩემი ფეხბურთელების უმეტესობამ ბოლო პერიოდში 3 მატჩი ჩაატარა. მხოლოდ 1 ვარჯიში გვქონდა.

ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. წინ მნიშვნელოვანი თამაშებია, როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. არ უნდა მოვდუნდეთ.

სანაკრებო ბატალიები ფეხბურთელებს და სიტუაციას ცვლის, რადგან მოთამაშეები სულ სხვა ფილოსოფიით და ხედვით თამაშობენ. საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებას მცირე ადაპტაცია ჭირდება. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად მხოლოდ 1 ვარჯიში მქონდა და ეს დიდი გამოწვევაა.

ყველამ კარგად ვიცით დარჩენილ სეზონში რისი მიღწევა გვსურს. ამისთვის კი ბევრი თამაშის მოგებაა აუცილებელი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა კი "არსენალთან" გვაქვს." 

"ლივერპული" მიმდინარე სეზონში

მერსისაიდული გრანდი მიმდინარე სეზონში ცუდად გამოიყურება. კლოპის შეგირდებს პრემიერ ლიგაში 29 ტურის შემდეგ 46 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე იმყოფებიან. 7 ფრე, 9 მარცხი და 13 გამარჯვება - ასეთია მოქმედი ჩემპიონის სტატისტიკა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "ლივერპული" მეოთხედფინალში მადრიდის "რეალს" უნდა შეხვდეს. კლოპს დაცვაში კვლავ პრობლემები აქვს. ვან დაიკი, გომესი და მატიპი ისევ ტრავმირებულები არიან. მსგავსი სახის პრობლემა შეექმნა "ბლანკოსსაც". სერხიო რამოსმა კუნთის დაზიანება მიიღო და ორივე მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება 3 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები