უსმან ნურმაგომედოვი:
Aa
Aa

უსმან ნურმაგომედოვი: "ხაბიბზე უკეთესი მინდა ვიყო"

ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი უსმანი ამბობს, რომ მას ხაბიბის კვალზე სურს სიარული. უსმანის დებიუტი ბელატორში პარასკევს არის დაგეგმილი.

რუსი, რომელმაც MMA-ს 11 ბრძოლა მოიგო მსუბუქ წონით კატეგორიაში მაიკ ჰამელს დაუპირისპირდება. ხაბიბი MMA-ს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად ითვლება. ნურმაგომედოვმა კარიერაში 29 ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო.

უსმანი BBC-ს ესაუბრა

"ჩემთვის დიდი პატივია ნურმაგომედოვის გვარით ბრძოლა. მინდა, რომ ხაბიბის გზას გავყვე, საოცარი კარიერა მქონდეს და მასზე უკეთესი ვიყო."

უსმანმა ბელატორში კონტრაქტს ხელი გასული წლის ოქტომბერში მოაწერა. ახალგაზრდა სპორტსმენმა კარიერა შთამბეჭდავად დაიწყო. 22 წლის მებრძოლმა 11 დაპირისპირებიდან 10 ნოკაუტით ან მახრჩობელა ილეთით მოიგო. 7 მათგანი კი პირველ რაუნდში მოხდა.

უსმანი ხაბიბთან ერთად ხშირად ვარჯიშობს და ამბობს, რომ მისი მენტალობისთვის, ფიზიკურობისთვის და გამოცდილებისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა.

"გამუდმებით ხაბიბთან ერთად ვვარჯიშობ. მასთან ვარჯიშიც კი ძალიან რთული და შრომატევადია. ამის შემდეგ სხვებთან ბრძოლა გაცილებით მარტივია. მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. როდესაც რამის გაგება მინდა ხაბიბი ყოველთვის ჩემთან არის."

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების მიზეზად გარდაცვლილი მამის სურვილი დაასახელა. აბდულმანაპს სურდა, რომ საკუთარ შვილს ბრძოლა შეეწყვიტა. ცნობისთვის, ის კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

აბდულმანაპი უსმანს ხშირად ავარჯიშებდა

"მან მე ბევრი რამ მასწავლა, როგორც სპორტსმენს და როგორც ადამიანს. აბდულმანაპმა მასწავლა როგორ ველაპარაკო ხალხს და როგორ მოვექცე ადამიანებს. მე ის ძალიან მენატრება." - თქვა უსმანმა

15 ბრძოლა 1 დღეში

18 წლის ასაკში უსმანი აბდულმანაპმა საბრძოლო სამბოს ტურნირზე წაიყვანა, სადაც მან ერთ დღეში 15 ბრძოლა მოიგო. ცნობისთვის, უსმანი ბავშვობის პერიოდში მოჭიდავე იყო და ამის შემდეგ აირჩია MMA. სამბო ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც რუსეთში ძალზედ პოპულარულია. 

"მეგონა, რომ ერთ კატეგორიაში 62კგ-ში ვიბრძოლებდი. ბიძაჩემმა მითხრა, რომ სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში უნდა მებრძოლა. დავთანხმდი, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ყოველ 15 წუთში ერთხელ ვიმარჯვებდი და არ ვჩერდებოდი.

ის, რომ ახლა ჩემთან იყოს აუცილებლად ნახავდა ყველა ჩემს ბრძოლას და საინტერესო რჩევებს მომცემდა. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. გამარჯვებების შემდეგ აბდულმანაპი მეტყოდა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა."

უსმანს, ხაბიბის გარდა სხვა MMA-ს მებრძოლი ნათესავებიც ჰყავს. მაგალითად უმარ და აბუბაქარ ნურმაგომედოვი.

"პროფესიის არჩევის საშუალება მქონდა. მყავს სხვადასხვა პროფესიის ნათესავები, მაგრამ მე ბრძოლა ავირჩიე. შიმშილი და კონკურენტუნარიანობის განცდა ჩვენს სისხლშია და ეს თაობიდან თაობას გადაეცემა." - თქვა ნურმაგომედოვმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, უსმანი მსუბუქ წონით კატეგორიაში მაიკ ჰამელს დაუპირისპირდება. ხსენებული ბრძოლა მეინ ქარდზე მეორეა. მთავარი ბრძოლა კი პატრიციო ფრეირესა და ემანუელ სანჩესს შორის გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები