Aa
Aa

ნგანუს ჯონსთან ჩხუბი სურს - ბოუნსი 8-10 მილიონზე ბევრად მეტს ითხოვს

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ახალ ჩემპიონს, ფრანსის ნგანუს წლეულს კიდევ ორი ბრძოლის გამართვა სურს. კამერუნელი მებრძოლი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი სტიპე მიოჩიჩის დანოკაუტებით დაისაკუთრა, ჯონ ჯონსთან და დერიკ ლუისთან ჩხუბს გეგმავს.

„ტიტულის მოგების შემდეგ ყველაფერი სხვანაირადაა. ახლა მე ვარ ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და პრეტენდენტები მე მელოდებიან. მე ვირჩევ როდის ვიჩხუბო და წლეულს კიდევ ორი ბრძოლის გამართვას ვგეგმავ.

არ ვიცი, ჯონ ჯონსსა და UFC-ის შორის რა მოხდა, მაგრამ უდიდესი იმედი მაქვს, რომ ჩემი და მისი ჩხუბი გაიმართება. ჯონსს გამოწვევებთან ერთად, მაღალი ჰონორარის მიღება სურს და ეს გასაკვირი სულაც არაა. იგი Pound-for-pound ყველა დროის საუკეთესოა და ამ სპორტში ყველაფერს იმსახურებს. დერიკ ლუისს რაც შეეხება, ვფიქრობ, ამ ბრძოლას ვიხილავთ, რადგან გულშემატკივრებს ის უნდა მივცე, რასაც იმსახურებენ“, - განაცხადა ნგანუმ.

საინტერესოა, რომ ჯონ ჯონსი კამერუნელთან დაპირისპირებაზე უარს არ ამბობს, მაგრამ სანაცვლოდ სოლიდური ანაზღაურების მიღება სურს: „რამდენიმე დღის წინ, UFC-ის ადვოკატთან სატელეფონო საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ ასეთი მასშტაბის ბრძოლის სანაცვლოდ 8-10 მილიონი დოლარის მიღება ჩემთვის ძალიან ცოტაა.

მომიწევს UFC-ის წინადადებას დაველოდო და იმედი მაქვს, შეთავაზება 8-10 მილიონ დოლარზე გაცილებით მაღალი იქნება. ვნახოთ რა მოხდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ბრძოლის ხილვის პერსპექტივით ამდენი ხალხი აღფრთოვანებული არასდროს ყოფილა. სიმართლე გითხრათ, საკუთარ ელექტრონულ ფოსტას ისე ვერ ვამოწმებს, რომ ვიღაცამ ამ ბრძოლის შესახებ არ მკითხოს“.

ცნობისთვის, ჯონ ჯონსის სიტყვებს დერიკ ლუისი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 8 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ნგანუს წინააღმდეგ სიამოვნებით იჩხუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები