Aa
Aa

„საბერძნეთს გაუმართლა რომ არ წააგო" - უცხოური პრესის გამოხმაურება

ბერძნული და უცხოური გამოცემები საქართველოსა და საბერძნეთის შეხვედრას გამოეხმაურნენ. ყველა მათგანი ხაზს უსვამს, რომ „ჯვაროსნებმა“ მეტოქეზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს და ბერძნები ქულით კმაყოფილნი უნდა იყვნენ.

„საბერძნეთის ნაკრებს გაუმართლა საშინაო კედლებში საქართველოსთან გამართულ მატჩში წაგებას რომ გადაურჩა," - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას greekcitytimes.com. ვებგვერდი აღნიშნავს, რომ საქართველომ უკეთ იასპარეზა და მეტს იმსახურებდა.

„საბერძნეთმა სალონიკში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ქულა აიღო. ბერძნების მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ეს შედეგი შეგვიძლია, მათთვის პოზიტიურად ჩავთვალოთ. მეორე ნახევარში მასპინძელთა მეკარემ, ოდისეას ვლახოდიმოსმა თავისი მაღალი დონე გამოავლინა და ქართველთა მიერ განხორციელებული 2 დარტყმა მოიგერია," - წერს greekcitytimes.com.

კიდევ ერთი ბერძნული ვებგვერდი, ekathimerini.com იმავე სათაურს იყენებს და ქართულ-ბერძნულ დაპირისპირებას ასე აფასებს: „მასპინძლები მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში მეტოქეს, რომელთან შეხვედრასაც ფავორიტის სტატუსით შეხვდნენ, ყველაფერში ჩამოუვარდებოდნენ და ბედნიერნი უნდა იყვნენ, რომ ერთი ქული აიღეს და კვლავინდებურად დაუმარცხებელნი არიან. საწყისი 20 წუთის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრებს სათამაშო გეგმა არ ჰქონდა და მოწინააღმდეგემ მას აშკარად აჯობა. მასპინძლებს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში უჭირდათ."

სპორტული ვებგვერდი, sport-fm.gr საბერძნეთის ნაკრებისთვის საქართველოსთან გამართული მატჩის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას: „საქართველომ საბერძნეთის იმედები დაამსხვრია. საქართველოსთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ბერძნებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შანსი შეუმცირდათ. ვან შიპის გუნდი კაკაბაძის ავტოგოლით დაწინაურდა, მაგრამ კვარაცხელიამ დაგვსაჯა და ანგარიში გაათანაბრა. საქართველოსთან ერთი ქულის აღების შემდეგ, საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა გაანიავა ის უპირატესობა, რომელიც 7 დღის წინ, ესპანეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ მოიპოვა. შედეგად ჯგუფში ფურია როხა და შვედეთი გალიდერდნენ," - აცხადებს sport-fm.gr.

„ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“ - ასე აფასებს საქართველოსთან მატჩს sportdog.gr. „არავინ ელოდებოდა, რომ ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ იოლი შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ თამაში, რომელიც საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა აჩვენა, შემაშფოთებელია. ჩვენს გუნდს მომენტები არ შეუქმნია და შეტევაში არაორგანიზებულად ასპარეზობდა. გაგვიმართლა და ოთარ კაკაბაძემ ავტოგოლი გაიტანა, თუმცა სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს," - წერს sportdog.gr.

საქართველოსთან მატჩს გამოეხმაურა onsports.gr-ც და აღნიშნა: „საბერძნეთის ნაკრებმა საქართველოს წინააღმდეგ ცუდად ითამაშა და მეტოქის მიერ გაკეთებული საჩუქარი ვერ გამოიყენა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა და მასპინძლებმა კარგად მხოლოდ შეხვედრის 15 წუთი ჩაატარეს. სანიოლის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა განახორციელა და მას თავისი ფეხბურთი არ ათამაშა".

როგორც ხედავთ, ბერძნულმა პრესამ მატჩი ობიექტურად შეაფასა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც novasports.gr ყოფილა. „ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ცუდად იასპარეზა და საქართველოსთან ფრეს დასჯერდა, რაც მეორე ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კაკაბაძის ავტოგოლით ანგარიში გავხსენით, კვარაცხელიამ ბრწყინვალე ბურთი შეაგდო და 2 წუთის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, საბერძნეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი კი ვლახოდიმოსი გახლდათ.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დაკარგა ის, რასაც გრანადაში, ესპანეთის ნაკრებთან მიაღწია. საქართველომ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მასპინძლებმა მეტოქეს საკუთარ რიტმში თამაში ვერ აიძულეს. უფრო მეტიც, ვილი სანიოლის გუნდი დამწუხრებული უნდა იყოს, ზედიზედ მესამე თამაშში რომ ვერ მიიღო, ის შედეგი, რომელსაც იმსახურებდა. თუ 1-1 რომელიმე გუნდისთვის უსამართლობა გახლდათ, ეს გუნდი უდავოდ საქართველოა."

საბერძნეთისა და საქართველოს დაპირისპირებას ცნობილი ესპანური გამოცემებიც გამოეხმაურნენ. კატალონიურმა გაზეთმა, Sport-მა ქართველი ფეხბურთელები შეაქო და ასეთი შეფასება გააკეთა: „ფრე საბერძნეთისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო. ბერძნებმა, რომლებმაც ესპანეთთან ქულა აიღეს, საქართველოსთან ვერაფერი გააწყვეს და მათი მეტოქე ბოლომდე ბრძოლისა და მცდელობებისთვის დასაჩუქრდა.

ქართველები ამ მატჩს ზედიზედ 2 წაგებით შეხვდნენ. მართალია, მათ მოწინააღმდეგესთან, რომელთან გამართულ ბოლო 7 შეხვედრაში გამარჯვება არ ჰქონდათ, წარუმატებელი სერია ვერ დაასრულეს, მაგრამ არც წაუგიათ და ერთი ქულა გამოიმუშავეს. საბერძნეთის ნაკრებს გაუმართლა და ანგარიში ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით გახსნა. მიღებულ ბურთზე საქართველოს სათანადო რეაქცია ჰქონდა და ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლით წონასწორობა აღადგინა," - წერს Sport.

ავტორიტეტულმა მადრიდულმა გამოცემამ, AS-მა საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს საინტერესო სტატია მიუძღვნა და ვილი სანიოლის გუნდი შეაქო. ესპანური გაზეთის სტატიის სათაური ასეთი გახლავთ - „საბერძნეთმა ბევრად უკეთეს საქართველოსთან ფრე გაახერხა“.

„საკვალიფიკაციო ეტაპის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ფრე არცერთ გუნდს აწყობდა, თუმცა საქართველოს ნაკრების მიერ ბერძნებთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩი, რომელსაც შეგვიძლია, ესპანეთთან გამართული შეხვედრა დავუმატოთ, დასტურია იმისა, რომ ევროპის მასშტაბით საქართველოს უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს.

საბერძნეთის ნაკრები გოლის გატანას მხოლოდ საწყისი 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა. ამის შემდეგ, უპირატესობას ქართველები ფლობდნენ და მეტოქის კარის აღება შეეძლოთ. განსაკუთრებით კვარაცხელიას მომენტია გამოსარჩევი, რომელმაც რიბერის მსგავსად ითამაშა და მხოლოდ გადამწყვეტი დარტყმა არ გამოუვიდა.

მასპინძლებმა ანგარიში ოთარ კაკაბაძის მიერ საკუთარ კარში გატანილი ბურთით გახსნეს. ავტოგოლის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელებს ყურები არ ჩამოუყრიათ. პირიქით, 2 წუთის შემდეგ, მათ ანგარიში გაათანაბრეს. კვარაცხელიამ კიდევ ერთი სოლორეიდი მოაწყო და საქართველოსთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, საბერძნეთისთვის კი ეს სტატუსი ვლახოდიმოსმა მოირგო. ბენფიკას გოლკიპერმა ორი მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა და საკუთარი გუნდი მარცხს გადაარჩინა. პირველად მან აბურჯანიას აუღო, რომელმაც საჯარიმო დარტყმა შეასრულა, შემდეგ კი კანკავას შორეული გასროლა მოიგერია. სატურნირო ცხრილი შესაძლოა, სხვა რამეს ამბობდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე ამაზე მისი ქულების რაოდენობა მეტყველებს," - წერს AS.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი ქულა აიღო. „ჯვაროსნები“ შვედეთთან და ესპანეთთან დამარცხდნენ, თუმცა სამივე შეხვედრაში ნაჩვენები თამაშის ხარისხი და გუნდურობა ოპტიმისტურად განგვაწყობს.

ფოტო - nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები