ოფიციალურად - ლევანდოვსკი პსჟ-სთან არ იქნება
Aa
Aa

ოფიციალურად - ლევანდოვსკი პსჟ-სთან არ იქნება

მიუნხენის "ბაიერნის" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ანდორასთან მატჩში დაზიანება მიიღო. ხსენებულ დაპირისპირებაში "რეკორდმაისტერის" შემტევს მუხლზე შეექმნა პრობლემები და 63-ე წუთზე შეცვალეს.

თავდაპირველი ინფორმაციით რობერტი მხოლოდ "ლაიპციგთან" მატჩს გამოტოვებდა, თუმცა "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა მათთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. ლევანდოვსკი 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს. ამ პერიოდში კი მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელოდებოდათ.

ჰანსი ფლიკის გუნდი მეოთხედფინალურ სტადიაზე "პარი სენ ჟერმენს" უნდა შეხვდეს. მიმდინარე სეზონში, 32 წლის ფორვარდი საოცრად გამოიყურება. 36 ჩატარებულ შეხვედრაში რობერტმა 42 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, მისი არყოფნა გერმანული გრანდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.

ლევანდოვსკის მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

მიუნხენელები მერვედფინალში "ლაციოს" დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი იტალიაში გაიმართა, რომელიც "რეკორდმაისტერმა" 4:1 მოიგო. ხსენებულ შეხვედრაში ერთი გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა. ეს გოლი კი მისთვის ისტორიული აღმოჩნდა. 

რობერტმა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს გადაასწრო. პოლონელის ანგარიშზე ამჟამად 73 გოლია. ესპანელმა ყოფილმა თავდამსხმელმა კი 71-ჯერ აიღო მეტოქეების კარი.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "პარი სენ ჟერმენის" პირველი მატჩი 7 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა პარიზში 13 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები