Aa
Aa

„ერთ-ერთი ყველაზე რთული რბოლა იყო" - ჰემილტონის ტრიუმფი ბაჰრეინის გრან პრიზე

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ბაჰრეინის გრან პრით გაიხსნა და დაძაბული და საინტერესო რბოლა ვიხილეთ. ფინიშამდე 3 წრით ადრე, მაქს ფერსტაპენმა ლუის ჰემილტონი ჩამოიტოვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ბრიტანელის გასწრებისას ტრასის საზღვრები გადაკვეთა, რის გამოც მისთვის პოზიციის დაბრუნება მოუწია.

ნიდერლანდელმა პილოტმა ჰემილტონს ბოლო წრეზეც შეუტია, მაგრამ ლუისი დაცვაში ბრწყინვალე იყო და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ფერსტაპენი მეორე ადგილს დასჯერდა, მესამე კი ვალტერი ბოტასი გახლდათ.

რბოლის შემდეგ, ჰემილტონმა ტრასაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ნამდვილად რთული რბოლა იყო. ნაადრევი პიტ-სტოპის გამო ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა და მაქსისგან თავის დაცვა მოგვიწია. რედ ბული მთელი უიქენდის განმავლობაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და წარმატების მისაღწევად რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება იყო აუცილებელი. ფინიშისკენ მაქსი ძალიან მომიახლოვდა, მაგრამ პირველი პოზიცია შევინარჩუნე. ჩემთვის ეს რბოლა დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო და მისი თითოეული წუთით ვისიამოვნე“.

რბოლის შემდეგ, კომენტარი ფერსტაპენმაც გააკეთა: „რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა ამ ყველაფერში პოზიტივის დანახვაც შეგვიძლია. მერსედესს დიდი ბრძოლა გავუმართეთ და ვფიქრობ, სეზონის ასე დაწყება შესანიშნავი რამაა. არ ვიცი, სტარტზე ბოლიდს რა დაემართა, მაგრამ მთავარია, რომ ფინიშის ხაზი გადავკვეთეთ და ქულები გამოვიმუშავეთ“.

ცნობისთვის, მეოთხე ადგილზე ლანდო ნორისი გავიდა, მეხუთე სერხიო პერესი იყო. შარლ ლეკლერი მეექვსე გახლდათ და მას დანიელ რიკიარდო, კარლოს საინსი, იუკი ცუნოდა და ლანს სტროლი მოჰყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები