''ქომაგთა ემოცია ძალიან ბევრს ნიშნავს'' - ბორჯღალოსნები რუმინეთთან მატჩამდე
Aa
Aa

''ქომაგთა ემოცია ძალიან ბევრს ნიშნავს'' - ბორჯღალოსნები რუმინეთთან მატჩამდე

28 მარტს, რუმინეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ და მათ კითხვებს უპასუხეს.

მერაბ შარიქაძე: „მთელი სიამოვნება, რაც სპორტსმენობას შეეხება გულშემატკივრებთანაა დაკავშირებული. მათი ემოცია და ატმოსფერო, თითოეული მოთამაშისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს და შეგვიძლია გულშემატკივრის გახარება“. - კაპიტნის კომენტარს Rugby.ge ავრცელებს.

ლევან მაისაშვილი: „მაყურებელი რაგბს ალამაზებს, განსაკუთრებით ისეთი მაყურებელი, როგორიც ჩვენ გვყავს. განებივრებულები ვართ მათი მხარდაჭერით და მოუთმენლად ველოდებით თამაშის დაწყებას.

გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ასევე ტაქტიკურად და ტექნიკურად. ეს ბოლო კვირაა და ვიმუშავეთ იმ დეტალების სრულყოფაზე, რაც წინა თამაშებში არ გამოგვივიდა. ვისურვებდი, რომ ბიჭებმა შეძლონ ემოციისა მართვა და მეტი ყურადღება მიაქციონ შეტევების დაბოლოებას. სხვა მხრივ მზად ვართ და თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, ლამაზი და სანახაობრივი თამაში გამოგვივა.

არსებულ მდგომარეობაში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. დაგვაკლდებიან ტრავმირებული მოთამაშეები. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ბექა საღინაძე, რომელმაც წინა ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. პირველ ხაზში მუდმივად გვაქვს როტაცია. შეთანხმების თანახმად, კლუბს დაუბრუნდა გურამ გოგიჩაშვილი და დებიუტი ექნება ახალგაზრდა ბურჯ ნიკა აბულაძეს“. - მთავარი მწვრთნელის კომენტარს Rugby.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან გასამართი დაპირისპირება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის რიგით მე-4 შეხვედრა გახლავთ, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც გახლავთ.

მატჩს „მიხეილ მესხის“ არენა უმასპინძლებს და ის 14:50 საათზე დაიწყება.

ფოტო - Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები