შალვა გოგოლაძე :
Aa
Aa

შალვა გოგოლაძე : "უღრმესი მადლობა ექვსწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის"

სპორტის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშიან მოადგილეები დაასახელა და გაირკვა,რომ სპორტის კურატორი სოსო გიორგაძე იქნება.

დღეს კი სპორტის სამინისტრო ყოფილმა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ განცხადება გაავრცელა.

"ძვირფასო მეგობრებო, მსურს ყველა ეროვნული სპორტული ფედერაციის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპიური კომიტეტისა და სხვა სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელობას უღრმესი მადლობა გადავუხადო ექვსწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ქართული სპორტის სამსახურში ერთად გატარებული ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი წლებისთვის.

ჩვენმა ერთობლივმა საქმიანობამ და თავდადებამ მართლაც რომ მყარი საფუძველი შეუქმნა იმ უამრავ წარმატებასა და წინსვლას, რასაც ქართულმა სპორტმა მიაღწია მთელი ამ წლების მანძილზე, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეროვნულ დონეზე.

ნამდვილად მემაყება, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მაქსიმუმი გაგვეღო ქართული სპორტისთვის და მივსულიყავით იმ სიმაღლეებამდე, სადაც დღეს ვიმყოფებით. 

მრავალი სიძნელისა თუ გამოწვევის მიუხედავად, ერთიანი ძალისხმევით ვახერხებდით უკვე მიღწეული სიმაღლეების შენარჩუნებასა და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას. წინ ძალზე დიდი გამოწვევებია, გისურვებთ, რომ კვლავ მუხლჩაუხრელად განაგრძოთ მუშაობა და დარჩეთ ქართული სპორტის სამსახურში, რათა ერთად გავიხაროთ ქართველ სპორტსმენთა მომავალი გამარჯვებებითა და წარმატებებით.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტისა და სპორტის მიმართულებით მომუშავე ყველა თანამშრომელს, ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს სამინისტროში, სპორტის სფეროს ნამდვილ პროფესიონალებსა და საქმისთვის თავდადებულ ადამიანებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სპორტის სფეროს ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს იმ თავდაუზოგავი და მუხლჩაუხრელი მუშაობისთვის, რაც წლების მანძილზე ერთობლივი საქმიანობით გასწიეთ სახელმწიფოს მხრიდან სპორტის უდიდესი მხარდაჭერის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისთვის. დარწმუნებული ვარ, სამინისტროს ახალი მმართველი გუნდი სპორტის სფეროში ახალი ენერგით განაგრძობს მუშაობას და სპორტის მხარდაჭერას, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტს და ზოგადად საქართველოს მიღწევებს ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.

ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები საქართველოში სპორტის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი, ჩვენი დიდი სპორტული ოჯახის ქომაგი!

მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ! გისურვებთ წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში ქართული სპორტის საკეთილდღეოდ!" - წერია შალვა გოგოლაძის განცხადებაში

შეგახსნებთ,რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები