შერმადინის ბრწყინვალე მატჩი და 21 ქულა - ტენერიფემ იგოკეა დაამარცხა
Aa
Aa

შერმადინის ბრწყინვალე მატჩი და 21 ქულა - ტენერიფემ იგოკეა დაამარცხა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მორიგი შეხვედრა გამართა და „იგოკეას“ დაუპირისპირდა. ესპანელები ფავორიტები იყვნენ, თუმცა ბოსნიურმა გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

„ლენოვო ტენერიფემ“ პირველი მეოთხედი 6 ქულით მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეული ცუდად ჩაატარა და შესვენებაზე 1-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. შერმადინმა და კომპანიამ მეორე ნახევარი კარგად დაიწყეს და მესამე მეოთხედის 6 ქულით მოგების შემდეგ, უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნეს - 80-75.

„ლენოვო ტენერიფეს“ წარმატებაში შერმადინმა უდიდესი წვლილი შეიტანა და პარკეტზე გატარებულ 20 წუთსა და 10 წამში 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20-ს უწია და ამ მაჩვენებლით ესპანური გუნდის რიგებში იგი საუკეთესო იყო.

ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, „ლენოვო ტენერიფეს“ 3 მოგება და 1 წაგება აქვს. შერმადინის გუნდი ჯგუფში პირველია და მომდევნო მატჩი 31 მარტს, „რიგას“ წინააღმდეგ ელის.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები