Aa
Aa

"მის მენტალურ მხარეს გამოვარჩევდი" - ეკო გორგოძე ბასილაშვილის გამარჯვებაზე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, როჯერ ფედერერის დამარცხებით, ქართული ჩოგბურთის ისტორიაში უნიკალური ფურცელი ჩაწერა. გუშინდელი თამაშისა და მთლიანად ამ მოვლენის შესახებ საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი ეკო გორგოძე გვესაუბრება.

„ზოგადად, როცა ნიკა თამაშობს, ვცდილობ, თვალი ვადევნო, გუშინდელ შეხვედრას კი განსაკუთრებულად ველოდებოდი. გამოვარჩევდი მის მენტალურ მხარეს, რამაც საშუალება მისცა, სტაბილურად ეთამაშა. ეს ყველაზე მეტად მე-3 სეტზე ითქმის, როცა გრძელ გათამაშებებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ნიკამ როგორც ცხოვრებაში, ასევე ჩოგბურთში ცუდი პერიოდი გამოიარა და ეს გამარჯვება უდიდეს თავდაჯერებას მისცემს.  

გვახსოვს ირაკლი ლაბაძის მოგება ანდრე აგასისთან და ცალსახაა, რომ ორივე ისტორიული მნიშვნელობის წარმატებაა. ლაბაძეც და ბასილაშვილიც ქართველი ჩოგბურთელებისთვის და მათ შორის ჩემთვისაც, ინსპირაციის წყაროა. თუმცა თუკი გამარჯვებათა მასშტაბებს შევადარებთ, გუშინდელი თამაშის მოგება უფრო წინ უნდა დავაყენოთ. სუბიექტურად ვიტყვი, რომ ბასილაშვილმა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს მოუგო. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ როჯერი კორტზე 13-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ითამაშა ტურნირზე, რომელშიც არც ნადალი მონაწილეობდა და არც ჯოკოვიჩი, შესაბამისად, მთელი ყურადღება მასზე იყო გადატანილი და ამ დროს იგი ქართველმა დაამარცხა.

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, როგორ ფორმაში იყო ფედერერი, მთავარია, რომ ცუდი ფორმისა და შედეგების შემდეგ ბასილაშვილმა შვეიცარიელი ლეგენდის დამარცხება მოახერხა. ნახსენები გარემოებების გათვალისწინებით, გუშინდელი გამარჯვება ორმაგად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გორგოძემ CrystalSport-თან საუბრისას.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერს დოჰას 250-იანი ტურნირის 1/4 ფინალში 3:6; 6:1; 7:5 მოუგო, რაც მის კარიერაში და ქართულ ჩოგბურთში მართლაც ახალი სიმაღლეა. ჩვენი თანამემამულე ATP-ის რეიტინგის ტოპ 10-ის წარმომადგენელს მე-19-ედ შეხვდა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - ფედერერამდე ტომაშ ბერდიხს, დომინიკ ტიმს, ხუან მარტინ დელ პოტროსა და ალექსანდრ ზვერევს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ქართველთაგან ბასილაშვილამდე, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან მოგებული მხოლოდ ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა. მან ლეგენდარული ანდრე აგასი 2001 წელს, შანხაის ტურნირზე 7:6; 7:5 დაამარცხა.

რაც შეეხება თავად გორგოძეს, იგი ამჟამად სანქტ-პეტერბურგში იმყოფება და იქ გასამართ WTA-ის 500-იანი ტურნირისთვის ემზადება. გათამაშება 15 მარტიდან დაიწყება და ქართველის პირველი მეტოქე ნიდერლანდელი ლესლი პატინამა კერხუვი იქნება. ეკო მას ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს - 2018 წელს, თბილისის 25 000-იანი ტურნირის ფინალში - 6:4; 6:4 აჯობა, 2012-ში კი როტერდამში 7:6; 2:6; 6:4 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები