Aa
Aa

"ეს შურისძიება იყო" - ჰოლანდმა ბონოსთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

"დორტმუნდის ბორუსიას" ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ უყვირა პენალტის გატანის შემდეგ "სევილიას" მეკარეს ბონოს.

20 წლის ნორვეგიელმა ანდალუზიელებთან მატჩში დუბლი გაიფორმა. შეხვედრა კი ფრედ 2:2 დასრულდა. ერლინგის მეორე გოლმა ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან გატანის შემდეგ ბონოსთან მიირბინა და უყვირა.

რა თქვა ჰოლანდმა?

"ბონო მეკარის ხაზიდან ბევრად წინ იყო გამოსული. ის რომ პირველ დარტყმაზე სწორად მდგარიყო აუცილებლად გავუტანდი. ბონომ წესები დაარღვია. როდესაც გავიტანე ის სწორად იდგა და ამიტომაც ვერ აიღო პენალტი.

გაფუჭებული პენალტის შემდეგ მან დამიყვირა და იმ მომენტში ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა გამეტანა მეორე გოლი. ასეც მოხდა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო.

მე ზუსტად ის ვუთხარი, რაც მან მითხრა პირველი პენალტის შემდეგ. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ ალბათ ეს შურისძიება იყო."

პენალტის ინციდენტი & "დორტმუნდის მეოთხედფინალში გასვლა

ერლინგ ჰოლანდმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა. 48-ე წუთზე ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა. შეხვედრის 54-ე წუთზე არბიტრმა ესპანელთა კარში პენალტი დანიშნა. ახალგაზრდა შემტევმა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა, თუმცა ბონომ მოიგერია. ვიდეო რეფერიმ ეპიზოდი გადაამოწმა და ცნობილი გახდა, რომ "სევილიას" კიპერი ხაზის წინ იდგა და ამით თამაშის წესები დაარღვია.

განმეორებით დარტყმა ერლინგმა ზუსტად იმავე კუთხეში შეასრულა, მაგრამ ბონომ ვეღარ მოიგერია და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ზემოთ ხსენებული ინციდენტი. ამის შემდეგ ენ ნესირიმ დუბლი შეასრულა, თუმცა "სევილიას" ეს არ ეყო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ჰოლანდის რეკორდი

ჰოლანდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ ზედიზედ 6 შეხვედრაში გაიტანა. ნორვეგიელმა ეს მიღწევა 20 წლისა და 231 დღის ასაკში გაიფორმა.

ერლინგი ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ საწყის 14 შეხვედრაში მეტოქე გუნდების კარი 20-ჯერ აიღო. მან ამ ტურნირზე 20-გოლიან ნიშნულს ყველაზე სწრაფად მიაღწია და ჰარი კეინის შედეგი 10 მატჩით გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები