ქალ სპორტსმენებს პარლამენტში უმასპინძლეს
Aa
Aa

ქალ სპორტსმენებს პარლამენტში უმასპინძლეს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენი ქალები.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე საკმაოდ დიდია და ჩვენი მცირედი ყურადღება თქვენს მიმართ, რა თქმა უნდა, ვერ გადაფარავს იმას, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ. მინდა, რომ მაგალითი იყოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარმატებულ ვეტერან სპორტსმენ ქალებს შეუძლიათ ძალიან დიდი როლი შეასრულონ გოგონების სპორტში ჩართულობის გაზრდის კუთხით და ზოგადად, ქალებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში.

რაც შეიძლება მეტი ქალბატონი უნდა იყოს ჩართული სპორტში და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული. დღეს ძალიან დიდი სხვაობაა მამაკაცებსა და ქალებს შორის სპორტში ჩართულობასთან დაკავშირებით. მინდა, რომ უფრო მეტი ჩემპიონი ჰყავდეს საქართველოს და ძალიან მინდა, რომ თქვენ იყოთ უფრო აქტიურები, მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაუკეთოთ სპორტს და ვინ თუ არა თქვენ იქნებით ამის მაგალითის მიმცემი ჩვენი მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სპორტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებმა „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 21 თებერვალს გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები