საოცრად დრამატული მატჩი - კვარაცხელიას  გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან
Aa
Aa

საოცრად დრამატული მატჩი - კვარაცხელიას გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან

რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის 21-ე ტურში სლუცკის გაწვრთნილმა ყაზანის ''რუბინმა'' მოქმედ ჩემპიონ ''ზენიტს'' უმასპინძლა. ყაზანურმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა, გადამწყვეტი გოლი მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე მაკაროვმა შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მე-9 დამატებულ წუთზე ძიუბას მატჩის გადარჩენის შანსი ჰქონდა, თუმცა ''ზენიტის'' ფორვარდმა პენალტი ვერ გაიტანა.

თურქეთში გავლილი რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ კვარაცხელიას თამაში გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე და გაცილებით ცუდ მინდორზე მოუხდა. ასეთ მინდორზე შემტევი სტილის ფეხბურთელისთვის შესაძლებლობების სრულად გამოვლენა საკმაოდ რთულია.

მატჩის პირველი ტაიმი ''რუბინის'' გამარჯვებით 1:0 დასრულდა. 41-ე წუთზე ''ზენიტის'' კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, მთავარ არბიტრს გადაწყვეტილების მიღებაში VAR-ი დაეხმარა, სტუმართა ერთ-ერთ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა და დესპოტოვიჩმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა - 1:0.

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ათამაშა. 

კვარაცხელიას რამდენიმე ეფექტური ეპიზოდი

მეორე ტაიმში ''ზენიტი'' დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა კვარაცხელია მწვავე კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა, თუმცა თამაშის წესის დარღვევით ''ლივერპულის'' ექს-მცველმა დეიან ლოვრენმა შეაჩერა, რის გამოც ხორვატმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ლოვრენისა და კვარაცხელიას ორთაბრძოლა

მატჩის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ განახორციელა სწრაფი კონტრშეტევა, ჯერ მეტოქის ფეხბურთელებმა მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს, შემდეგ კი სტანდარტული ვითარებისას ქართველ ტალანტს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, კარისკენ დაარტყა, თუმცა მცველებმა ბურთი მოიგერიეს.

კვარაცხელიას აქტიური თამაში მატჩის მიწურულს

მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ''რუბინმა'' კონტრშეტევა გოლით დაასრულა. გამარჯვების გოლი მაკაროვმა შეაგდო. კონტრშეტევაში კვარაცხელია არ მონაწილეობდა.

მე-9 დამატებულ წუთზე ძიუბას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ''ზენიტის'' ფორვარდმა პენალტი ვერ გაიტანა, ''რუბინის'' მეკარე იური დიუპინმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ძალიან დრამატულ მატჩში ''რუბინს'' გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

21 ტურის შემდეგ ''ზენიტი'' პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს 42 ქულით ლიდერობს, ხოლო ''რუბინი'' 34 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა საუკეთესო ოთხეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ასე რომ სლუცკის გუნდს ევროტურნირის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

დიუპინი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

''რუბინი'' შემდეგი ტურის მატჩს 14 მარტს, სტუმრად ''უფასთან'' გამართავს. 

შეგახსენებთ, ზამთრის პაუზის შემდეგ ''რუბინმა'' პრემიერ ლიგის ორივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა, მოსკოვის ''სპარტაკთან'' სტუმრად მოგების შემდეგ საკუთარ კედლებში ''ზენიტს'' სძლია.

ყაზანის ''რუბინის'' ანალიტიკოსმა ნიკიტა ვასიუხინმა Sport Express-თან ინტერვიუში ქართველი ტალანტის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

''ხვიჩა ''რუბინის'' ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. ასევე, რუსეთის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ნათელია მისი შესაძლებლობები, მისი მონაცემები, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი და მწვრთნელების მიერ მისი განვითარებისთვის გაწეული შრომა. მისი დრიბლინგი ძალიან განსხვავებული, ძალიან არაერთგვაროვანია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ''სუფთა ბურთზე'' თამაშის გარდა მჭიდრო კონტაქტიც კარგად გამოსდის. მას შეუძლია მეტოქეს კორპუსი ჩაუდგას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი პროგრესი ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან აშკარაა.

ის უნდა დაიხვეწოს შეტევების შექმნისა და მომენტების რეალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა პროგრესი მაინც ძალიან დიდია. წარსულში მუდმივად მეტოქის მოტყებას ცდილობდა, ორი ან სამი ფეხბურთელის ჩამოშორების შემდეგ კვლავ დრიბლინგზე ფიქრობდა, თუმცა ახლა ასე აღარაა, ხვიჩა დაღვინდა და პასსზეც ფიქრობს, შეტევისას ბურთის შენარჩუნების შესაძლებლობებსაც ეძებს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები