რუბინის ანალიტიკოსი: ''ხვიჩა დაღვინდა, ის ძალიან ძლიერი შემსრულებელია''
Aa
Aa

რუბინის ანალიტიკოსი: ''ხვიჩა დაღვინდა, ის ძალიან ძლიერი შემსრულებელია''

რუსულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმა, მისი პლუსები და სამომავლო პერსპექტივა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასაუბრო თემაა. ყაზანის ''რუბინის'' ანალიტიკოსი ნიკიტა ვასიუხინი Sport Express-თან ინტერვიუში ქართველი ტალანტის შესახებ ვრცლად საუბრობს.

''ხვიჩა ''რუბინის'' ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. ასევე, რუსეთის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ნათელია მისი შესაძლებლობები, მისი მონაცემები, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი და მწვრთნელების მიერ მისი განვითარებისთვის გაწეული შრომა. მისი დრიბლინგი ძალიან განსხვავებული, ძალიან არაერთგვაროვანია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ''სუფთა ბურთზე'' თამაშის გარდა მჭიდრო კონტაქტიც კარგად გამოსდის. მას შეუძლია მეტოქეს კორპუსი ჩაუდგას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი პროგრესი ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან აშკარაა.

ის უნდა დაიხვეწოს შეტევების შექმნისა და მომენტების რეალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა პროგრესი მაინც ძალიან დიდია. წარსულში მუდმივად მეტოქის მოტყებას ცდილობდა, ორი ან სამი ფეხბურთელის ჩამოშორების შემდეგ კვლავ დრიბლინგზე ფიქრობდა, თუმცა ახლა ასე აღარაა, ხვიჩა დაღვინდა და პასსზეც ფიქრობს, შეტევისას ბურთის შენარჩუნების შესაძლებლობებსაც ეძებს''.

ნიკიტა ვასიუხინის თქმით მოსკოვის ''სპარტაკთან'' კვარაცხელიას პასების სიზუსტე 60 პროცენტზე დაბალი იყო, თუმცა ის ბურთს ისეთ მომენტებში არ კარგავდა, როცა კონტრშეტევის შანსი მაღალი იყო.

''მისი პასების სიზუსტე 60 პროცენტზე დაბალი იყო, თუმცა ეს მის შესაძლებლობებს არ აფერმკრთალებს, ხარისხთან მიმართებით ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მისი ზუსტად შესრულებული პასების ფასი მაღალია, ხოლო როცა ცდება, ბურთს ისეთ მომენტებში არ კარგავს, რომ მეტოქემ სახიფათო კონტრშეტევა განავითაროს.

თუ ვსაუბრობთ ''ლევერკუზენსა'' და ''სევილიაზე'', ამ დონის გუნდებში თავის დამკვიდრებისთვის მზადაა. ის ძალიან ძლიერი შემსრულებელია, რომელიც კიდევ განვითარდება''.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

''სპარტაკთან'' თამაშის დასრულებისას ხვიჩა კვარაცხელიამ კამერასთან ტელეფონზე საუბრის ინსცენირება გააკეთა და კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა თქვა: ''ხვიჩა, შენ აუცილებლად დაგირეკავენ''.  ცხადია, გენიჩი ხვიჩას მოსალოდნელ ტრანსფერს გულისხმობდა, სეზონის დასრულების შემდეგ უდიდესი ალბათობით კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

Transfermarket-ის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა 10 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები