Aa
Aa

„ბარსამ ბედნიერება და ეკონომიკური სიძლიერე უნდა დაიბრუნოს" - ლაპორტამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო

„ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს. „ბლაუგრანას“ პირველი პირის პოსტი ჟოან ლაპორტამ ჩაიბარა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა დაამარცხა. ლაპორტამ ხმების 54.28 პროცენტი მიიღო, ფონტმა - 29.29, ხოლო ფრეიშამ - 8.58.

58 წლის ჟოანმა „ბარსელონას“ პრეზიდენტის რანგში პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა: „უღრმესი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. ასევე მადლობელი ვარ დირექტორთა საბჭოსი და კლუბის იმ წევრების, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. ეს არჩევნები ბარსას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან პანდემიის გამო ურთულეს ვითარებაში ჩატარდა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავისი პოზიცია დააფიქსირეს. მათით ძალიან ვამაყობ.

ის ფაქტი, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა და ხმა მისცა, ადასტურებს, რომ მესის ბარსელონა ძალიან უყვარს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და იმედი გვაქვს, ეს მოვლენები ლეოს დარჩენაზე დაყოლიებაში დაგვეხმარება.

ბარსამ ბედნიერება და ეკონომიკური სიძლიერე უნდა დაიბრუნოს. ჩვენ წინ უამრავი გამოწვევაა და მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ, ამისთვის კი ერთად მუშაობაა საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ბარსელონასთვის შეგვიძლია, არის ის, რომ ეს კლუბი გვიყვარდეს. გვიყვარდეს უფრო ძლიერ, ვიდრე ოდესმე. დიდება ბარსელონას და დიდება კატალონიას“.

შეგახსენებთ, რომ ლაპორტა „ბარსელონას“ პირველი პირის პოსტს 2003-დან 2010 წლამდე იკავებდა და მისი წყალობით „ბლაუგრანამ“ დიდ წარმატებას მიაღწია. ამ პერიოდში „ბარსამ“ ლა ლიგა 4-ჯერ მოიგო, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები