Aa
Aa

ოლ სტარი - საოცარი სტეფი, საბონისის სენსაცია, MVP იანისი და ლებრონის გუნდის ტრიუმფი

გამთენიისას, ატლანტაში NBA-ის რიგით 70-ე „ოლ სტარი“ გაიმართა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო ყველა ღონისძიება ერთ საღამოს ჩატარდა და გულშემატკივრებმა საოცარი სანახაობა იხილეს.

„ოლ სტარი“ ოსტატობის კონკურსით გაიხსნა, რომლის გამარჯვებულიც გოგა ბითაძის თანაგუნდელი, დომანტას საბონისი გახდა. ლიეტუველმა კალათბურთელმა პირველ რაუნდში ჯულიუს რენდლი დაამარცხა, შემდეგ ლუკა დონჩიჩს მოუგო და ფინალში ნიკოლა ვუჩევიჩს სძლია, რომელმაც თავის მხრივ ასპარეზობას რობერტ კოვინგტონი და კრის პოლი გამოთიშა.

ოსტატობის კონკურსის შემდეგ, 3-ქულიანების კონკურსის ჯერი დადგა, რომელიც სტეფ კარის ბენეფისით დასრულდა. სტეფმა პირველ რაუნდში 31 ქულა დააგროვა და ფინალში ჯეისონ ტეიტუმთან და მაიკ კონლისთან ერთად გავიდა. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ რაუნდში 27 ქულა გაიფორმა, მაგრამ კარის მაინც ვერ აჯობა. სტეფს 1 სროლა ჰქონდა დარჩენილი და მის ანგარიშზე 26 ქულა იყო, თუმცა ე.წ Money ball ჩააგდო და 3-ქულიანების კონკურსი კარიერაში მეორედ მოიგო.

ჩატენვების კონკურსს რაც შეეხება, ობი ტოპინის, კასიუს სტენლისა და ანფერნი საიმონსის ბრძოლაში ამ უკანასკნელმა იმარჯვა. „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ კალათბურთელმა ფინალურ რაუნდში „ნიუ იოკრ ნიქსის“ ახალწვეული დაამარცხა.

„ოლ სტარის“ საღამოს მთავარი მოვლენა, ყველა ვარსკვლავის მატჩი ლებრონ ჯეიმსის გუნდის ტრიუმფით დასრულდა. „მეფემ“ და კომპანიამ კევინ დურანტის გუნდს ყველა მეოთხედი მოუგეს და საბოლოოდ, 170-150 იმარჯვეს. შეხვედრის MVP იანის ანტეტოკოუნმპო გახდა, რომელმაც საოცრად იასპარეზა. „გრიკ ფრიკმა“ 16-დან 16 ბურთი ჩააგდო და არასრულ 20 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ანტეტოკოუნმპოს გარდა ლებრონის გუნდიდან 32 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა. ჯეილენ ბრაუნს 22 ქულა ჰქონდა. სტეფ კარიმ 28 ქულა დააგროვა, პოლ ჯორჯი 17 ქულით გამოირჩა, თავად ჯეიმსმა კი პარკეტზე 12 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და 4 ქულას დასჯერდა.

დურანტის გუნდში 26 ქულით საუკეთესო ბრედლი ბილი იყო. კაირი ირვინგმა 24 ქულა გააკეთა. ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეიმს ჰარდენმა 21-21 ქულა გაიფორმეს. დონოვან მიჩელი და ზაკ ლავინი კი 15 და 13 ქულას დასჯერდნენ.

ცნობისთვის, ყველა ვარსკვლავის მატჩის შემდეგ, კალათბურთელები რამდენიმე დღეს დაისვენებენ და პარკეტს თბილისის დროით 11 მარტს დაუბრუნდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები