Aa
Aa

კარლოსს გადაასწრო - ბენზემამ ახალი რეკორდი დაამყარა

კარიმ ბენზემასთვის „ატლეტიკოსთან“ გამართული მატჩი განსაკუთრებული გამოდგა. ჯერ ერთი, რომ ფრანგმა საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა და ასევე მნიშვნელოვანი რეკორდიც გააუმჯობესა.

კარიმი „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ჩემპიონატის ეგიდით ყველაზე მეტი თამაშის ჩამტარებელი ლეგიონერი გახდა. მან ლეგენდარული რობერტო კარლოსის მიღწევა გააუმჯობესა.

კარლოსმა, რომელიც მადრიდულ გრანდში 11 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, პრიმერა დივიზიონის 370 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ბენზემამ კი გუშინ 371-ე მატჩი ჩაატარა.

მეორე მხრივ, ყველა ტურნირის ეგიდით გამართული მატჩების ლეგიონერთა რეკორდიც, ფრანგმა წელს გააუმჯობესა და ასევე კარლოსს გადაასწრო. დღევანდელი მონაცემებით, კარიმს „ბლანკოსის“ მაისური 542-ჯერ მოურგია და მეტოქეთა კარში 267 გოლიც შეაგდო.

ამ 267-დან ერთ-ერთი ბურთი, როგორც აღვნიშნეთ, მან გუშინ, „ატლეტიკოსთან“ გაიტანა და „თეთრებს“ ქულა მოუტანა, რისი წყალობითაც მადრიდულ კლუბებს შორის ცხრილში 5-ქულიანი სტატუს-კვო შენარჩუნდა.

„რეალი“ შემდეგ ტურში „ელჩეს“ უმასპინძლებს, „ათლეტები“ კი შუა კვირაში „ბილბაოსთან“ გადადებულ მატჩს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები