რობერტ ლევანდოვსკი - გერდ მიულერის რეკორდთან ახლოს
Aa
Aa

რობერტ ლევანდოვსკი - გერდ მიულერის რეკორდთან ახლოს

ბუნდესლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრებმა საოცარი სანახაობა იხილეს. ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "დორტმუნდის ბორუსია" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჰეთ-თრიკის შესრულება პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო.

მესამე გატანილი გოლი რობერტისთვის მიმდინარე ბუნდესლიგის სეზონში რიგით 31-ე იყო და ნელ-ნელა გერდ მიულერის რეკორდს უახლოვდება. ლეგენდარულმა გერმანელმა  ბუნდესლიგის ერთ სეზონში 40 გოლი გაიტანა. ეს კი დღემდე მიუღწეველია.

ლევანდოვსკიმ ხსენებულ რეკორდამდე კიდევ ერთ შესანიშნავ შედეგს მიაღწია. ბუნდესლიგის ისტორიაში 24 ტურის შემდეგ 31 გოლი არასდროს არავის ჰქონია გატანილი. ეს რეკორდიც გერდ მიულერს ეკუთვნოდა, რომელმაც ჩემპიონატის ამ სტადიაზე 26-ჯერ დალაშქრა მეტოქეების კარი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლონელი თავდამსხმელი საოცარ ფორმაში იმყოფება და წინ კიდევ 10 ტურია, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლევანდოვსკი მიულერის შედეგს გააუმჯობესებს ან გაიმეორებს. 

ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ რობერტს მატჩში საშუალოდ 1.3 გოლი გააქვს. ეს სტატისტიკა კი ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ამ გამარჯვებით მიუნხენის "ბაიერნმა" 55 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან "ლაიპციგს" 2 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას "რეკორდმაისტერი" 13 მარტს სტუმრად "ვერდერის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები