წიტაიშვილის მძიმე ტრავმა - 20 წლის ტალანტისთვის სეზონი დასრულებულია
Aa
Aa

წიტაიშვილის მძიმე ტრავმა - 20 წლის ტალანტისთვის სეზონი დასრულებულია

კიევის ''დინამოდან'' ''ვორსკლაში'' განათხოვრებულმა გიორგი წიტაიშვილმა ''მარიუპოლთან'' შეხვედრაში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. მან ტერფის მეხუთე ძვალი მოიტეხა და მისთვის მიმდინარე სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია.

მიზანი, რატომაც ფეხბურთელი პოლტავურ კლუბში იჯარით გადავიდა, ამ სეზონში ვერ შესრულდება, ის ვერ შეძლებს კიევის ''დინამოს'' მწვრთნელებისთვის შესაძლებლობების დამტკიცებას. კლუბის ექიმის თქმით მოთამაშე მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს.

წიტაიშვილის კარიერა ქართველი ფეხბურთის ქომაგებისთვის დიდ ინტერესს იწვევს, რადგან 20 წლის მოთამაშე გამორჩეული ტალანტია და საქართველოს ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

შეგახსენებთ, უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

„გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა, საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. თავად ფეხბურთელს ასეთი პოზიცია აქვს, მაგრამ შექმნილი ვითარება უბრალო ნამდვილად არაა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ, გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან ძალიან უყვარდა. როცა დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად წიტაიშვილი საქართველოში ჩავიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ მისი ბაბუას სურვილი იყო, მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და გიორგი აპირებს, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში იასპარეზოს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე ვითარება სწორედ ასეთია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები