უნიკალური შანსი ბილბაოს - ბასკებს ისტორიის დაწერა შეუძლიათ!
Aa
Aa

უნიკალური შანსი ბილბაოს - ბასკებს ისტორიის დაწერა შეუძლიათ!

ბილბაოს "ატლეტიკს" უნიკალური შანსი აქვს. ბასკებს ისეთი ისტორიის დაწერა შეუძლიათ, რომელსაც დიდი ალბათობით ვერავინ ვერასდროს ვერ დაწერს. კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბილბაომ "ლევანტე" გამოთიშა ასპარეზობას და ფინალში გავიდა.

მარსელინო გარსია ტორალის გუნდი 2019/2020 წლების სეზონის კოპა დელ რეის ფინალშიც გავიდა, სადაც "რეალ სოსიედადს" უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ეს მატჩი ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ორივე გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე არ უნდა გამართულიყო. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო სტადიონზე მაყურებლებს არ უშვებენ.

ზუსტად ამის გამო გადაწყდა, რომ გასული სეზონის ფინალი უნდა გადადებულიყო. ბილბაოს და "სოსიედადის" დაპირისპირება მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიმართება. იქიდან გამომდინარე, რომ "ატლეტიკი" მიმდინარე სეზონის კოპა დელ რეის ფინალშიც გავიდა ზედიზედ ორი ფინალის თამაში მოუწევს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, "სოსიედადს" 4 აპრილს შეხვდებიან, ხოლო ამის შემდეგ 17 აპრილს "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან. ამრიგად, ბილბაოს უნიკალური შანსი აქვს, რათა 2 კვირიან მონაკვეთში 2 კოპა დელ რეის ტიტული მოიპოვოს. ეს უპრეცედენტო შემთხვევა გახლავთ და ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები