ჩინური კლუბი, რომელიც ბეილს ყიდულობდა და ინტერის პარტნიორია გაკოტრდა!
Aa
Aa

ჩინური კლუბი, რომელიც ბეილს ყიდულობდა და ინტერის პარტნიორია გაკოტრდა!

ჩინეთის ფეხბურთში, რომ პრობლემებია ეს ახალი არ არის. ლეგიონერებზე ლიმიტი დაწესდა და სახელფასო ჭერი ჩამოყალიბდა. ასევე კლუბებს კომერციული კომპანიების ლოგოების მაისურებზე ამოტვიფრა აეკრძალათ. ამ ყველაფერმა კი ვარსკვლავების ჩინეთიდან გადინება გამოიწვია. ჰალკი სათამაშოდ ბრაზილიაში დაბრუნდა, რონდონმა გეზი რუსეთისკენ აიღო, ელ შაარავი "რომას" დაუბრუნდა და ალექს ტეიშეირა თავისუფალი აგენტი გახდა.

ჩინეთის სუპერ ლიგა კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე ნერვიულობს. ეს ყველაფერი კი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. კოვიდ ინფექციამ ჩინურ კომპანიებს უდიდესი ფინანსური ზარალი მიაყენა. თებერვლის ბოლოს, ჩინეთის თასის გამარჯვებული "შანდონ ლუნენი" აზიის ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთეს, რადგან მათ ფინანსური დავალიანება ვერ დაფარეს. 28 თებერვალს კი კიდევ უფრო უცნაური ამბავი გავრცელდა.

Suning Commerce Group-მა, რომელიც ჩინეთის სუპერ ლიგის ჩემპიონის "ძიანსუ სუნინის" მფლობელია, გამოაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ კლუბებს აღარ დააფინანსებს. საქმე მხოლოდ კაცთა გუნდს არ ეხება. "შემცირებაში" "ძიანსუ სუნინი" ქალთა კლუბიც მოყვა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და რეპრესიები ახალგაზრდულ კლუბსაც შეეხო.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ასეთი კარგი კოლექტივის დაშლა, რომელმაც ჩემპიონატი მოიგო და გულშემატკივრებს ძალიან უყვართ, იძულებულები ვართ განვაცხადოთ, რომ დღეიდან ყველა სპორტული საქმიანობა შეწყვეტილია." - ვკითხულობთ "ძიანსუ სუნინის" ოფიციალურ გვერდზე

"ძიანსუ სუნინი" ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კლუბად ითვლებოდა. სწორედ მათ ჩამოიყვანეს ალექს ტეიშეირა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ. რამირესი 27 მილიონად და მწვრთნელად ფაბიო კაპელო დანიშნეს. 2019 წლის ზაფხულში, კლუბი გარეთ ბეილის შეძენის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და უელსელ ფეხბურთელს ზღაპრულ კონტრაქტს პირდებოდა. დაშლილ გუნდში "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი მირანდა და პორტუგალიელი ედერი ირიცხებიან.

ვიგებთ, რომ კლუბი ბოლომდე გაკოტრებული არ არის. პრობლემები იქიდან დაიწყო, რაც Suning Group-ს ვალები დაუგროვდა და ვერ გადაიხადა. კომპანია ამჟამად ახალ ინვესტორებს ეძებს. კომპანიის ხელმძღვანელმა ჟანგ ჯიდონგმა განაცხადა: "ახლა მხოლოდ მთავარ ბიზნესზე გავამახვილებთ ყურადღებას. ეს კი საცალო გაყიდვებია. ყველა სხვა აქტივობა გაჩერდება."

ეს ამბავი "ინტერისთვის" საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს, რადგან "ნერაძურის" აქციების გარკვეული რაოდენობის მფლობელი Suning Group გახლავთ. ჩინეთში ფიქრობენ, რომ სერია ა-ს ამჟამინდელი ლიდერი აქციების ნაწილს გაყიდის და სწორედ ასე დაფარავენ დავალიანებას. ჯერჯერობით თავად იტალიურ კლუბს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ "ინტერში" ამ საკითხზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდნენ.

თებერვლის დასაწყისში "ინტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა: "ჩვენი პარტნიორები სერიოზული ადამიანები არიან. ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აუცილებლად გაითვალისწინებენ ჩვენი კლუბის იმიჯს და პატივისცემას."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები