ნოდარ ანდღულაძე :
Aa
Aa

ნოდარ ანდღულაძე :"ქართულ რაგბს სიმშვიდე და პროფესიონალი სჭირდება"

ყოფილი ბორჯღალოსანი, ნოდარ ანდღულაძე საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერია, რომელსაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არა ერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. 

 „ქართულ რაგბს განვითარებისთვის პირველ რიგში სიმშვიდე, ხოლო მმართველ გუნდს მეტი პროფესიონალი სჭირდება. მენეჯმენტი მოითხოვს სპეციფიურ უნარებს და შესაბამის ცოდნას,რომელსაც მოედანზე ვერ შეიძენ. მიმაჩნია, რომ ქართულ რაგბს დღეს სწორედ გამოცდილი, პროფესიონალი მენეჯერი სჭირდება, რომელსაც ამ სპორტთან დიდი ხნის სიყვარული და ურთიერთობა აკავშირებს. როდესაც „ლელოს“ მოთამაშე ვიყავი, მაშინ გავიცანი სოსო ტყემალაძე. ის ჩართული იყო კლუბის მენეჯმენტში, უანგაროდ გვეხმარებოდა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კლუბის წარმატებების სერიაში. პირადად მე კი მოგვიანებით, არაერთხელ დამხმარებია ამა თუ იმ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მასში ვხედავ კომუნიკაციის იმ უნარებს, რომელსაც შეუძლია ქართული რაგბის რთული სიტუაციიდან გამოყვანა და ახალ სიმაღლეზე აყვანა. დისკუსიის თემა გახდა ის ფაქტი, რომ სოსოს რაგბი არასდროს უთამაშია, თუმცა სხვა წარმატებული სარაგბო ქვეყნების მაგალითზე ნათლად ჩანს,  რომ ეს არ არის ის აუცილებელი პირობა, რაც რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის არის საჭირო.  სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა ამ ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტ მარკ ალექსანდერს (Mark Alexander) და აღმასრულებელ დირექტორი ჟური რუს (Jurie Roux) რაგბი არასდროს უთამაშიათ. ანალოგიური სიტუაციაა ავსტრალიის, ირლანდიის, უელსის და სხვა ქვეყნების პრეზიდენტების თუ აღმასრულებელი დირექტორების შემთხვევაშიც. ზოგი მათგანი სატელევიზიო არხის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ზოგი ფინანსისტი, თუმცა დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ამ ქვეყნების რაგბის კავშირებში“- განაცხადა ანდღულაძემ

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები