ნავასი:
Aa
Aa

ნავასი: "მადრიდში კლუბის გარკვეული ნაწილი არ მენდობოდა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა და პსჟ-ს ამჟამინდელმა კიპერმა კეილორ ნავასმა პარიზული გრანდის ოფიციალურ ვებ-საიტთან ისაუბრა და საინტერესო დეტალები გაამხილა. კოსტა-რიკელმა კარის დარაჯმა განაცხადა, რომ "რეალში" თამაშის დროს ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა თითქოს მას ადამიანები ბოლომდე არ ენდობოდნენ.

"პარიზში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მადრიდი მიყვარს და ცხოვრების დაუვიწყარი წლები გავატარე, თუმცა მუდამ მქონდა შეგრძნება, რომ იქ კლუბის გარკვეული ნაწილი ბოლომდე არ მენდობოდა.

მე მუდამ მადლიერი ვიქნები "რეალის" გულშემატკივრებისთვის, რადგან მათ მე არნახული მხარდაჭერა გამომიცხადეს და ამ მხარდაჭერას დღესაც ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი შევიცვალე, "ბლანკოსის" ფეხბურთელებს ჩემი ყოველთვის ჯეროდათ.

პარიზში სხვანაირი სიტუაციაა. აქ ყველას ჯერა ჩემი და მენდობიან. მეც ყოველ მატჩში ვცდილობ დავამტკიცო, რომ ამ ნდობას ვიმსახურებ.

როდესაც "რეალში" გადავედი, არ ვცდილობდი იმის დამტკიცებას, რომ მე რაიმეთი კასილასზე უკეთესი ვიყავი ან ჩემი კარიერა მასზე უკეთესი იყო. უბრალოდ ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ბევრი მემუშავა და ყველასთვის დამემტკიცებინა რა შემეძლო.

მიხარია, რომ პარიზში გადმოვედი. მაქსიმალურად ყველა ტიტულის მოგებას ვცდილობ. ძალიან მინდა, რომ ჩემი გუნდელები და კლუბის გულშემატკივრები გავაბედნიერო." - განაცხადა ნავასმა

შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასი "სამეფო კლუბში" 2014 წელს გადაბარგდა. თავიდან კოსტა-რიკელი იკერ კასილასის შემცვლელად მოიაზრებოდა და ასეც იყო. 1 წლის შემდეგ იკერმა "ბლანკოსი" დატოვა და პირველი მეკარე სწორედ კეილორი გახდა. ნავასი იმ "რეალის" მთავარი კიპერი გახლდათ, რომელმაც ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პსჟ-ში კი 2019 წელს გადაბარგდა და დღემდე 62 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები