Bild ჰოლანდის მომავალზე - ფავორიტი სიტია, შანსი რეალსაც აქვს
Aa
Aa

Bild ჰოლანდის მომავალზე - ფავორიტი სიტია, შანსი რეალსაც აქვს

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ, Bild-მა „დორტმუნდის“ ფეხბურთელის, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის სამომავლო გეგმების შესახებ სტატია გამოაქვეყნა და იმ კლუბების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნორვეგიელი თავდამსხმელისთვის იბრძვიან.

Bild-ის მიხედვით, ჰოლანდის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი „სიტის“ აქვს. „ქალაქელებს“ ფინანსურად არ უჭირთ და „დორტმუნდის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან, ისინი მზად არიან, ახალგაზრდა ცენტრფორვარდს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მისცენ და აგუეროს ადგილი შესთავაზონ.

ბრიტანული გრანდის მთავარი კონკურენტი მადრიდის „რეალია“. „სამეფო კლუბს“ 20 წლის ფეხბურთელის გადაბირება სურს და ეს ჰოლანდს მშვენივრად მოეხსენება. Bild-ის ცნობით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლით ნორვეგიელიც დაინტერესებულია და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, „ბლანკოსს“ მოუსმინოს.

„რეალისა“ და „სიტის“ გარდა სტატიაში „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბარსელონა" „ბაიერნი" და „ჩელსიც“ ახსენეს. „წითელი ეშმაკები“ თავიანთი კოზირის, ოლე გუნარ სულშერის გამოყენებას აპირებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ჰოლანდმა „ოლდ ტრაფორდი“ აირჩიოს. „ჩელსი" მის შეძენას აქტიურად ცდილობს, მაგრამ 20 წლის ერლინგს ლონდონში გადასვლა არ უნდა, რადგან „ლურჯების“ პროექტში პერსპექტივას ვერ ხედავს. „ბაიერნსა" და „ბარსას" რაც შეეხებათ, „რეკორდმაისტერი" გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, „ბლაუგრანას" კი სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები