„სპორტსმენები სამყაროს ვაერთიანებთ, პოლიტიკა - ყოფს
Aa
Aa

„სპორტსმენები სამყაროს ვაერთიანებთ, პოლიტიკა - ყოფს" - ზლატანმა ლებრონს უპასუხა

„მილანის“ ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლებრონ ჯეიმსის განცხადებას გამოეხმაურა. შვედმა თავდამსხმელმა მუსიკალური ფესტივალის, „სანრემოს“ დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა და „მეფეს“ უპასუხა.

„რასიზმი და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა. ჩვენ, სპორტსმენები სამყაროს ვაერთიანებთ, პოლიტიკა კი ყოფს. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ. ჩვენ ყველას მივესალმებით და მსოფლიოს გასაერთიანებლად ვაკეთებთ იმას, რაც საუკეთესო გამოგვდის.

სხვა რაღაცებს არ ვეხებით, რადგან საუკეთესოდ არ გამოგვდის, თორემ პოლიტიკოსი ვიქნებოდი. ჩემი გზავნილი სწორედ ესაა. სპორტსმენები სპორტსმენები უნდა იყვნენ, ხოლო პოლიტიკოსები - პოლიტიკოსები“.

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა რამდენიმე დღის წინ, ლებრონ ჯეიმსი პოლიტიკაში ზედმეტად აქტიურობისა და ჩართულობის გამო გააკრიტიკა: „ლებრონი ფენომენალური კალათბურთელია, მაგრამ არ მომწონს, როცა კონკრეტული სტატუსის მქონე ადამიანები თავისი საქმის პარალელურად პოლიტიკაში ერთვებიან. მიჰყევით იმ სფეროს, რომელშიც საუკეთესონი ხართ.

მე ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ეს ყველაზე კარგად გამომდის. პოლიტიკოსი რომ ვიყო, პოლიტიკაში წავიდოდი. ეს პირველი შეცდომაა, რომელსაც ადამიანები მაშინ უშვებენ, როცა ცნობილები ხდებიან და კონკრეტულ სტატუსს აღწევენ. ვფიქრობ, უკეთესია ამ ყველაფრისგან თავი შორს დაიჭირო და იმით დაკავდე, რაშიც საუკეთესო ხარ“.

ლებრონის პასუხი კი ასეთი გახლდათ: „ჩემს სკოლაში 300-ზე მეტი ბავშვია და მათ ხმა სჭირდებათ. მე მათი ხმა ვარ. არასდროს გავჩუმდები, როდესაც რაღაც რიგზე ვერ არის. არ ვაპირებ, რომ ჩემი თავი შევზღუდო და თავი მხოლოდ სპორტს მივუძღვნა, რადგან მესმის ეს პლატფორმა და ვიცი რამდენად ძლიერია ჩემი ხმა. სასაცილოა, რასაც ზლატანი ამბობს. 2018 წელს მან თქვა, რომ როდესაც შვედეთში დაბრუნდა, რასიზმი იგრძნო, რადგან მისი გვარი არ იყო ნამდვილი შვედური დაბოლოების. ეს ხომ ასეა? მან ხომ მართლა ასე თქვა? ვფიქრობ, სწორედ ასეთი რამ თქვა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები