მე-3 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე - დინამომ ჰანოვერთან წააგო
Aa
Aa

მე-3 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე - დინამომ ჰანოვერთან წააგო

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ჯგუფური ეტაპის მე-4 შეხვედრა ბოლოადგილოსანი „ჰანოვერის“ წინააღმდეგ გამართა და უშანსოდ დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონმა ცუდად ითამაშა, საწყისი 3 მეოთხედის განმავლობაში მეტოქის კარი ვერ აიღო, გოლები მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გაიტანა და საბოლოოდ 10-3 წააგო.

„ჰანოვერმა“ ანგარიში კორუშიჩის დარტყმით გახსნა და საწყისი რვაწუთეული 2-0 მოიგო. მეორე მეოთხედში იგივე შედეგი დაფიქსირდა და გერმანული კლუბი დიდ შესვენებაზე 4-ბურთიანი უპირატესობით გავიდა.

სამწუხაროდ, „დინამომ“ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და მეორე ტაიმი იმავე სცენარით განვითარდა. მესამე პერიოდში „ჰანოვერმა“ მიზანს 3-ჯერ მიაღწია, ხოლო მეოთხე მეოთხედში გუნდები 3-3 გოლით გამოირჩნენ.

„დინამოს“ მხრიდან პირველი გოლი რევაზ იმნაიშვილმა გაიტანა და ანგარიში 9-1 გახადა. მატჩის დასრულებამდე 37 წამით ადრე, თავი ბესარიონ ახვლედიანმა გამოიჩინა, ხოლო შეხვედრის მიწურულს „ჰანოვერის“ კარი დუშან ვასიჩმა დალაშქრა.

ამრიგად, გერმანულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა და ქულებით „დინამოსა“ და „იადრანს“ გაუთანაბრდა. თბილისური გუნდი ბოლო ადგილზე დაქვეითდა და მომდევნო შეხვედრა „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები