ჯერარდი ლივერპულში და კლოპი გერმანიის ნაკრებში?
Aa
Aa

ჯერარდი ლივერპულში და კლოპი გერმანიის ნაკრებში?

სპორტული გამოცემა Sky Sports საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ შესაძლოა იურგენ კლოპმა "ლივერპული" დატოვოს და გერმანიის ნაკრებში განაგრძოს მოღვაწეობა. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგს აჩვენებს ბუნდეს ნაკრები მომავალ ევროპის ჩემპიონატზე.

ახალი არ არის, გულშემატკივრებს დიდი ხანია სურთ კლოპი გერმანიის ნაკრების თავკაცის რანგში იხილონ. გავრცელებული ინფორმაციით ამის წინააღმდეგი არც თავად იურგენია. ამ ყველაფერს კი რეალურობას რამდენიმე ფაქტორი ძენს.

კლოპს მერსისაიდულ გრანდში პრობლემები აქვს. მისმა გუნდმა ჩემპიონობის შანსი დიდი ხანია დაკარგა და მეტიც, ოთხეულში მოხვედრაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. წყარო იმასაც გვამცნობს, რომ თუ იურგენი "ენფილდს" დატოვებს ყველაზე რეალური ვარიანტი სტივენ ჯერარდი იქნება.

"ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი ამჟამად "რეინჯერსის" თავკაცია და გლაზგოურ გუნდს ბრწყინვალე ფეხბურთს ათამაშებს. "რეინჯერსი" სტივენის ხელმძღვანელობით შოტლანდიის პრემიერ ლიგას 82 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უშუალო კონკურენტ "სელტიკს" 15 ქულით უსწრებს. გლაზგოელები ევროპა ლიგის მერვედფინალშიც გავიდნენ, სადაც პრაღის "სლავიას" შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს იოხიმ ლიოვს კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს, მაგრამ მისი პოზიციები მას შემდეგ შესუსტდა, რაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე კრახი განიცადა და ჯგუფში ჩარჩა. იოხიმს ასევე ტომას მიულერის ნაკრებიდან მოკვეთასაც ედავებიან.

საბოლოო ჯამში ყველაფერს მომავალი რამდენიმე თვე გვიჩვენებს. არსებობს დიდი შანსი, რომ კლოპმა ბუნდეს ნაკრები ჩაიბაროს, ხოლო ჯერარდმა "ლივერპული."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები