„ჩემი ლანძღვა დაიწყო“ - ჟულიო სეზარი მოურინიოსთან დაპირისპირებას იხსენებს
Aa
Aa

„ჩემი ლანძღვა დაიწყო“ - ჟულიო სეზარი მოურინიოსთან დაპირისპირებას იხსენებს

„ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიო სეზარმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და 2009 წელს, სერია A-ს მოგების შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. „ინტერი“ სასტუმროში იმყოფებოდა, როცა „მილანმა“ „უდინეზესთან“ წააგო, რითიც „შავ-ლურჯებმა“ ჩემპიონობა გაინაღდეს.

ბრაზილიელ მეკარესა და მის თანაგუნდელებს „სკუდეტოს“ დასაკუთრების „პიაცა დელ დუომოს“ მოედანზე (მთავარი მოედანი მილანში, სადაც ინტერი ქომაგებთან ერთად ტიტულების მოგებას აღნიშნავს) აღნიშვნა სურდათ, მაგრამ მოურინიო უარზე გახლდათ, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

„მოურინიოს უნდოდა, რომ სიენასთან მატჩის წინ დაგვესვენა. მაშინ ეს სრულ უაზრობად მიმაჩნდა, რადგან ტიტული განაღდებული გვქონდა და არც სხვა ტურნირის ეგიდით უნდა გვეთამაშა. მალევე მივხვდი საქმე რაშიც იყო. ჟოზეს სერია A-ს ერთ სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით რეკორდის დამყარება სურდა თუ რაღაც მსგავსი.

ეს იყო მიღწევა, რომელიც მას კარგად წარმოაჩენდა და ძალიან გავბრაზდი. ძანეტისთან მივედი და ვუთხარი: „პიაცა დელ დუომოს მოედანზე უნდა წავიდეთ. ამას ვიმსახურებთ“. სწორედ ამ დროს, ჟოზემ ჩვენ გვერდით ჩაიარა და დამიყვირა: „ჟულიო სეზარ, იქ მარტო რატომ არ წახვალ?!“. მოურინიო უპასუხოდ არ დამიტოვებია და ვუთხარი: „წასვლა ყველას უნდა. უბრალოდ, ჩემგან განსხვავებით, მათ შენთვის ამის თქმის ეშინიათ“.

მოურინიომ თავისი ოთახისკენ სვლა გააგრძელა, მე კი არ ვაპირებდი ყველაფერი ასე დამეტოვებინა. ჟოზეს გავყევი და მის ოთახში შევედი. მოურინიო საწოლზე დაწვა და ვუთხარი: „მისმინე, თუ მოედანზე არ წავალთ, ჩემპიონი ვეღარასდროს გახდები“. უეცრად ჟოზე წამოდგა და ჩემი ლანძღვა დაიწყო. ათასნაირ უშვერ სიტყვას იყენებდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მალევე 2 ავტობუსი მოვიდა და პიაცა დელ დუომოსკენ გავემართეთ.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მოედანზე ვიყავით და ქომაგებთან ერთად ჩემპიონობას აღვნიშნავდით. მახსოვს, ძალიან მთვრალი გახლდით, მოურინიოს ყელში ხელი წავუჭირე და ვუთხარი: „შენ გინდოდა, რომ სასტუმროში დავრჩენილიყავით?! შეხედე, რა ხდება! ეს ყველაფერი შენთვისაა“.

შეგახსენებთ, რომ სეზარი „ინტერში“ 2005-დან 2012 წლამდე თამაშობდა. „ნერაძურის“ შემდეგ კი კარიერა ქპრ-ში გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები