ღია წერილი  -
Aa
Aa

ღია წერილი - "ბატონო სოსო,იყო გაუგონარი ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა"

სარაგბო კლუბ „წიქარას“ დამფუძნებელი და მწვრთნელი ნიკოლოზ წიქარიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს ღია წერილით მიმართავს.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ღია წერილი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს სოსო ტყემალაძეს

ბატონო სოსო,

მიუხედავად ორჯერადი პირდაპირი კომუნიკაციისა, ამჯერად ეპისტოლარული და საჯარო მომართვის ფორმა ვამჯობინე, რადგან, ვფიქრობ, კითხვები, რომლებიც ბოლო პერიოდში რაგბის დიდ ოჯახში გაჩნდა, პასუხებს საჭიროებს. თუმცა, აქვე დავძენ, რომ წერილების წერა და ინტერვიუები ჩემი მოწოდება არ არის, მოედანზე, ბავშვების გარემოცვაში გაცილებით კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.

პირდაპირ გეტყვით, რაგბის განვითარებისა და გაძლიერების თქვენეული ხედვები ჩემთვის (და არა მარტო), გარკვეულწილად, მისაღებია და საკამათოც; მეტიც, - საბავშვო რაგბი იმ პრიორიტეტად დაასახელეთ, რომელიც, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვა, რაგბის ძირი და საყრდენია, რაზეც სრულად გეთანხმებით. დიახ, ქართული სპორტის და, ამ შემთხვევაში, რაგბის წარმატება მომავალზე დგას, იმ გულანთებულ ბავშვებზე, რომლებიც „წიქარასა“ და სხვა კლუბებში ფრთიანდებიან! იმ ბავშვებზე, რომლებიც გაბრწყინებული თვალებით შესციცინებენ თავიანთ აღმზრდელებს და „ისეთ ილეთებს აკეთებენ, როგორსაც დიდები ვერ ახერხებენ!“ იმ ბავშვებზე, რომელთა ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდა გარკვეულწილად ვიტვირთეთ!

თერთმეტი წელია „წიქარელებს“, თაობათა მონაცვლეობით, ღირებულებათა თანაზიარობა გვაერთიანებს - ღირსება, ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული ერთობა დიდ-პატარას შორის, ერთურთის გატანა და თანადგომა! დღეს კი რა ხდება? თავის დროზე ენთუზიაზმითა და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის მოტივაციით შექმნილი კლუბი სრულად დემორალიზებული და შეურაცხყოფილია იმ ვითარებით, რომელშიც მავანის ჩართულობით აღმოვჩნდით!

ყურადღებით მოვისმინე თქვენი ინტერვიუ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში და ყურებს არ დავუჯერე - არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საოცარი სითბოთი საუბრობთ ადამიანზე, რომელიც მეორე დღეს ლამის სასიკვდილოდ (მორალურად თუ ფიზიკურად!) გაწირეს თქვენმა „კეთილისმსურველებმა!“ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ გკითხავთ - ვისი ნდობით აღჭურვილი პირია ნოდარ ლიპარტელიანი და რა ესაქმებოდა მას 24 თებერვალს, 12:15 საათზე გერმანულ ჰოსპიტალში? ვისი ხელდასმით დააორგანიზა სკაიპით მინდობილობის გაცემა პალატიდან, რომელშიც კლუბ „წიქარას“ პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე იწვა?

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც სირცხვილის დერეფანში გასავლელად გაგწირეს?

ინტერვიუში ამბობთ, რომ ოპონენტებს ჰკითხეთ, ვინ აფათურებდა ხელს რეესტრის გადაწყევტილებაში, ხვალ იქნებ ჩემს წინააღმდეგაც აფათურონ ხელიო და დასაბუთება ვერ მიგიღიათ. რეესტრის გადაწყვეტილებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თქვენს წინააღმდეგ რომ უკვე ხელებს აფათურებენ, კარგად გამოჩნდა იმ იურიდიულ სუბიექტებთან, რომლებსაც დეკლარირებული არ ჰქონდათ თქვენი მხარდამჭერობა. ეგებ გარემოცვაში მოიკითხოთ, როგორ მობილიზდა წარმოუდგენლად მოკლე დროში ის კლუბები, რომლებმაც კანდიდატად წარგადგინეს?

ქართველების ემოციების სიჭარბეზე საუბრობთ და დასძენთ, რომ ეძებთ სამომავლო სათანამშრომლო სივრცეს იმ კლუბებთან, რომლებიც, ჯერჯერობით, თქვენს მხარდამჭერებად არ მოიაზრებიან. როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა ადამიანებთან, რომლებმაცგაუგონარი შანტაჟის, ზეწოლის ფონზე მოგცეს ხმა? ეს სათანამშრომლო სივრცე ხომ იმთავითვე ჩარაზულია, რადგან, კარგად მოგეხსენებათ, შეშინებული, დამფრთხალი და ღირსებააყრილი კაცები ლელოს ვერასოდეს დადებენ!

ვერჩატარებული არჩევნების შემდეგ განაცხადეთ, რომ „ზეწოლა დიდი იყო. რამდენიმე დელეგატი გზაში შეჩერდა. იყო ფიზიკური შეურაცხყოფაც, რასაც ვერ ვადასტურებთ“.

სამაგიეროდ, მე გიდასტურებთ, ბატონო სოსო, - იყო გაუგონარი ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა, რაც საავადმყოფოში, შეუძლოდ მყოფი ადამიანის იძულებაში გამოიხატა! და ამ ბინძურმა სვლამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო - თენგიზ გოცირიძეს, კაცს, რომელმაც თავისი ცხოვრების 11 წელი რაგბის კლუბს და მომავალ თაობას მიუძღვნა, დღეს რაგბის ხსენებაც აღარ უნდა!!!

აღკვეთეთ რაგბის ერთიან ოჯახში დესტრუქციისა და გარე ძალების ჩარევის მცდელობა, რასაც კატასტროფამდე მიჰყავს ერთ დროს წარმატებული და საამაყო სპორტის სახეობა.

დაინტერესდით აღნიშნული პრობლემით, რომელშიც, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოში მოქმედი ბევრი კლუბი აღმოჩნდა და რომლებზეც რაგბის არაკეთილმოსურნენი, ხელისუფლების სახელით, ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებენ. თქვენთვის ხომ „რაგბი სამშობლოა და არა მარტო თამაში და, თუ მართლა ამ დიდი სიყვარულით გადაეშვით ამ თამაშში’’, გამოიჩინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და დაგვიბრუნეთ უფლება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში, რაგბის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი თაობის აღზრდაში, რაც, უპირველესად, უსამართლობისა და ძალმომრეობის დაძლევით მიიღწევა!

პატივისცემით,

რაგბის კლუბ „წიქარას“ სახელით,

ნიკოლოზ წიქარიძე" 

ღია წერილი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს სოსო ტყემალაძეს ბატონო სოსო, მიუხედავად ორჯერადი პირდაპირი...

Posted by Nikoloz Tsikaridze on Friday, February 26, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები