სანიოლი: ''დიქტატორის როლი არ მსურს, უდისციპლინო შანსს ვერ მიიღებს''
Aa
Aa

სანიოლი: ''დიქტატორის როლი არ მსურს, უდისციპლინო შანსს ვერ მიიღებს''

ვილი სანიოლმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ''ტაიმაუტთან'' ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ამბიცია უნდა ჰქონდეთ და მათ ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის უნდა ითამაშონ.

''თუ ეროვნული ჩემპიონატი ძლიერია, უფრო მეტია ისეთი მოთამაშე, რომელსაც მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია, მაგრამ ერთ ან ორ წელიწადში ადგილობრივ ლიგას ვერ გააძლიერებ, ეს ხანგრძლივი პროცესია. რამდენიმე მატჩი ვნახე. თბილისის ''ლოკომოტივი'', ბათუმის ''დინამო'' და თბილისი ''დინამო'' სხვებთან შედარებით უკეთესი გუნდები არიან.

ეროვნული ჩემპიონატიდან მაღალ დონეზე გადასვლა ზოგჯერ ძალიან სწრაფად ხდება, ეს ამბიციების საკითხია. მინდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები, რომლებიც პოტენციურად ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან, ამბიციურები იყვნენ და მინდორზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავიდნენ. ამბიციების გარეშე წარმატებას ბერ მიაღწევ. უპირველესაც ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ამბიციურები იყვნენ და იმუშავეთ მაქსიმალურად.

ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელები იმსახურებენ შანსს და მათზე დიდი დაკვირვება დაგვჭირდება.

საქართველოს ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელებს ნაკლებად დავაკვირდები, აქცენტს იმ მოთამაშეებზე გავაკეთებ, რომლებიც დაბალ ლიგებში ასპარეზობენ, თუმცა შესაძლოა ეროვნულ გუნდს გამოადგნენ''.

ჩემს ასისტენტებთან ერთად დედაქალაქის ცენტრში ვიცხოვრებ. არ გვსურს სასტუმროში ცხოვრება, რადგან გვინდა ვიგრძნოთ კულტურა. ჩვენი გულშემატკივრები ხშირად გვიხილავენ თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში''.

სანიოლმა დისციპლინაზეც ისაუბრა. მისი აზრით უდისციპლინო ფეხბურთელები ნაკრების შემადგენლობიდან ამოვარდებიან.

''დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე დიქტატორის როლი არ მსურს, მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, ეროვნულ გუნდისთვის ყველაფერს დადებენ თუ არა. უდისციპლინო ფეხბურთელი ნაკრებიდან ბუნებრივად ამოვარდება. როცა მოთამაშეებთან მუშაობის დიდი დრო არ გაქვს, უნდა დაეყრდნო მოთამაშეებს, უნდა ენდო მათ და ვინც უდისციპლინოდ მოიქცევა, შანსს ვერ მიიღებს, მაგრამ ახლა ქართულ მენტალიტეტს ვერ შევაფასებ. რამდენიმე დღეა თბილისში ვარ და ქართული მენტალიტეტი დღემდე მაკმაყოფილებდა''.

სანიოლის თქმით ის იურგენ კლოპის დიდი გულშემატკივარია: ''ის არამარტო შესანიშნავი მწვრთნელი, ბრწყინვალე პიროვნებაა. თუ ფეხბურთელებისგან ბევრს ელოდები, მათზე ბევრი უნდა გასცე. კლოპმა ეს შეძლო ''დორტმუნდსა'' და ''ლივერპულში''.

შეგახსენებთ, სანიოლმა ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას მიზნად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილის დაკავება დაუსახეს.

მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები