Aa
Aa

ევროტურნირების ბომბარდირი - ჯეკომ ტოტის გადაასწრო

იტალიურმა „რომამ“ ევროპა ლიგის განმეორებით 1/16 ფინალურ მატჩში „ბრაგას“ 3:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა. განსაკუთრებული საღამო გამოდგა ედინ ჯეკოსთვის, რომელიც ევროტურნირებზე „ჯალოროსის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბოსნიელმა ფორვარდმა პორტუგალიელთა კარი 24-ე წუთზე აიღო, რითაც ევროპულ გათამაშებებზე „გლადიატორთა“ მაისურით 29-ე გოლი შეაგდო და ფრანჩესკო ტოტის შედეგი გააუმჯობესა.

თანაც, ჯეკომ ამ შედეგს ტოტიზე გაცილებით ნაკლებ დროში მიაღწია. მან რომაელთა რიგებში პირველი ევროპული გოლი 2015 წლის ნოემბერში, „ლევერკუზენის“ კარში გაიტანა.

„რომამ“ „ბრაგას“ ორი მატჩის ჯამში 5:1 მოუგო და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. პაულო ფონსეკას გუნდი სერია A-ში ერთ-ერთი კონკურენტის, „მილანის“ წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. შეხვედრა 28 თებერვალსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები