Aa
Aa

გოლეადა - ევროპა ლიგაზე ახალი რეკორდი დამყარდა

ევროპა ლიგის გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ ტურნირის ისტორიაში ახალი რეკორდი დამყარდა. 2009-10 წლების სეზონის შემდეგ, რაც გათამაშება ამ სახელითა და ფორმატით იმართება, პლეი-ოფის ერთ-ერთ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გავიდა.

წლევანდელ 1/16 ფინალურ სტადიაზე ჯამურად გუნდებმა 102 გოლი შეაგდეს, რაც წინა რეკორდზე 7 ბურთით უკეთესია. 95 გოლი გასული გათამაშების ასევე 1/16 ფინალურ ეტაპზე გავიდა.

გამორჩეული დაპირისპირება გლაზგოს „რეინჯერსსა“ და ბელგიურ „ანტვერპენს“ შორის შედგა და გუნდებმა ტურნირის ისტორიის ერთ-ერთი რეკორდი გაიმეორეს. გუშინდელი თამაში შოტლანდიელებმა 5:2 მოიგეს, ბელგიაში კი მეტოქეს 4:3 აჯობეს. შესაბამისად, „რეინჯერსი“-„ანტვერპენის“ წყვილში ჯამურად 14 გოლი გავიდა, რაც პლეი-ოფის ეტაპზე ერთ წყვილში გასული ყველაზე მეტი გოლია. ორრაუნდიან დაპირისპირებაში ამდენივე გოლი 2007-08 წლების სეზონის 1/8 ფინალურ სტადიაზე შვედური „ჰელსინგბორგისა“ და ნიდერლანდური „ჰეერენვეენის“ შეხვედრებისას ვიხილეთ.

გუშინდელი დღის კიდევ ერთი უხვგოლიანი და, ალბათ, ყველაზე სანახაობრივი მატჩი „არსენალსა“ და „ბენფიკას“ შორის ჩატარდა. „მეთოფეებმა“ ობამეიანგის 87-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 გაიმარჯვეს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები