წიტაიშვილი დუმს და ახალი ეტაპისთვის ემზადება  - ბიუროკრატიული საკითხები გადასაჭრელია
Aa
Aa

წიტაიშვილი დუმს და ახალი ეტაპისთვის ემზადება - ბიუროკრატიული საკითხები გადასაჭრელია

კიევის ''დინამოს'' 20 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ''ვორსკლაშია'' განათხოვრებული, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება დაიწყო. ბიუროკრატიული საკითხების გადაწყვეტამდე ახალგაზრდა შემტევი კომენტარისგან თავს იკავებს.

ამ თემაზე CrystalSport-ი ''ვორსკლას'' წარმომადგენელს, კლუბის პრესსამსახურის უფროსს, არტიომ ლობანოვს ესაუბრა. მისი თქმით წიტაიშვილმა ამ საკითხზე საუბრისგან მცირე ხნით პაუზა აიღო და უახლოეს პერიოდში მზად იქნება აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს. ფეხბურთელი სანაკრებო კარიერაში ახალი ეტაპისთვის ემზადება, მან საქართველოს ნაკრების ღირსება უნდა დაიცვას, თუმცა დებიუტამდე ბიუროკრატიული საკითხებია მოსაგვარებელი. ვიდრე ვითარებას ნათელი არ მოეფინება, 20 წლის ტალანტი თემაზე არ ისაუბრებს.

''გიორგიმ ამ კარიერულ თემაზე საუბრისგან მცირე პაუზა აიღო. მცირე ხანში ინტერვიუსთვის მზად იქნება. გთხოვთ, ეს საკითხი ახლო მომავალში განვიხილოთ'' - აღნიშნა არტიომ ლობანოვმა CrystalSport-თან საუბრისას.

ფეხბურთელის მამა, კლიმენტი წიტაიშვილმა 2000-01 წლების სეზონი ისრაელის ჩემპიონატის კლუბ ''ჰაპოელ რიშონ ლეციონში'' გაატარა. 2000 წლის 18 ნოემბერს გიორგი წიტაიშვილი რიშონ ლეციონში დაიბადა, თუმცა უკრაინის მოქალაქეა და ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. უკრაინაში იმედოვნებდნენ, რომ ფეხბურთელი ეროვნულ გუნდშიც ითამაშებდა, თუმცა გარდაცვლილი ბაბუის სურვილი შესაძლოა მოთამაშის სანაკრებო კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყებად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკმა გიორგი წიტაიშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც უკრაინული და ქართული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. 

„გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა, საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. თავად ფეხბურთელს ასეთი პოზიცია აქვს, მაგრამ შექმნილი ვითარება უბრალო ნამდვილად არაა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ, გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან ძალიან უყვარდა. როცა დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად წიტაიშვილი საქართველოში ჩავიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ მისი ბაბუას სურვილი იყო, მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და გიორგი აპირებს, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში იასპარეზოს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე ვითარება სწორედ ასეთია“, - აცხადებს ციგანიკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები