Aa
Aa

„პოლიტიკისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ" - იბრამ ლებრონი და სხვა ცნობილი ადამიანები გააკრიტიკა

„მილანის“ ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსი და სხვა ცნობილი ადამიანები გააკრიტიკა, რომლებიც პოლიტიკურად აქტიური არიან. „იბრამ“ ინტერვიუ შვედურ Discovery+-ს მისცა და განაცხადა, რომ სპორტსმენებმა პოლიტიკისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ.

„ლებრონი ფენომენალური კალათბურთელია, მაგრამ არ მომწონს, როცა კონკრეტული სტატუსის მქონე ადამიანები თავისი საქმის პარალელურად პოლიტიკაში ერთვებიან. მიჰყევით იმ სფეროს, რომელშიც საუკეთესონი ხართ.

მე ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ეს ყველაზე კარგად გამომდის. პოლიტიკოსი რომ ვიყო, პოლიტიკაში წავიდოდი. ეს პირველი შეცდომაა, რომელსაც ადამიანები მაშინ უშვებენ, როცა ცნობილები ხდებიან და კონკრეტულ სტატუსს აღწევენ. ვფიქრობ, უკეთესია ამ ყველაფრისგან თავი შორს დაიჭირო და იმით დაკავდე, რაშიც საუკეთესო ხარ“.

იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთის ისტორიაში თავისი რჩეულის დასახელებაც სთხოვეს და შვედმა თავდამსხმელმა ბრაზილიელი რონალდო გამოარჩია: „ყველას, ვისაც ჩემ გვერდით უთამაშია, ყოველთვის ვეუბნები, რომ რონალდო თვით ფეხბურთია. მისი მოძრაობები, მისი დრიბლინგი, მისი გადაადგილება მოედანზე. ჩემი აზრით, ეჭვგარეშეა, რომ ელ ფენომენო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ ლებრონი პოლიციის მიერ გამოჩენილი ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული. ჯეიმსი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირებასაც არ ერიდება და აშშ-ის ექს-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები