ახალი კონფლიქტი ატალანტაში? - გასპერინიმ ილიჩიჩი 30 წუთში შეცვალა
Aa
Aa

ახალი კონფლიქტი ატალანტაში? - გასპერინიმ ილიჩიჩი 30 წუთში შეცვალა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალი" "ატალანტას" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფერლან მენდიმ შორეული დარტყმით გაიტანა. 

მეორე ტაიმში ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გასპერინიმ 56-ე წუთზე მინდორზე ილიჩიჩი გამოუშვა, თუმცა 86-ე წუთზე გაიყვანა. სერია ა-ს უკანასკნელ ტურში "ატალანტა" "ნაპოლის" დაუპირისპირდა და სლოვენიელი ფეხბურთელი თადარიგში დარჩა.

გულშემატკივრებმა იფიქრეს, რომ მწვრთნელი ხოსიპს ასვენებდა, თუმცა დღეს ევროსპორტის ჟურნალისტმა სიავუშ ფალაიმ სოციალურ ქსელში გასპერინის ის სიტყვები გაასაჯაროვა, რომელიც იტალიელმა სლოვენიელ ფეხბურთელს ცვლილების შემდეგ უთხრა: "პრეტენზიების გამოთქმას მოეშვი, რამე გააკეთე და საქმეს დაუბრუნდი!"

TuttoMercatoWeb-მა ჯან პიეროს სხვა სიტყვებიც გააჟღერა, რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას უთხრა: "არ დანებდე! ხელებს ნუ შლი! საქმეს დაუბრუნდი!"

როგორც უკვე მოგახსენეთ, სლოვენიელი გამოსვლიდან ნახევარ საათში შეცვალეს. მის ნაცვლად რუსლან მალინოვსკი გამოვიდა და ზუსტად იმ დროს "რეალმა" გოლი გაიტანა. ილიჩიჩმა ეპიზოდი დაინახა და ნელ-ნელა თავდახრილი გასახდელისკენ გაემართა.

მოგვიანებით გასპერინიმ ეს ქმედება პრესკონფერენციაზე ახსნა: "მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა და მინდორზე ისეთი ფეხბურთელის ყოფნა მსურდა, რომელიც დაცვას უფრო მეტად დაეხმარებოდა. სამწუხაროდ ცვლილებისთანავე გოლი გავუშვით."

დღეს იტალიურმა გამოცემამ Corriere dello Sport-მა ეს ყველაფერი პაპუ გომესის კონფლიქტს დაუკავშირა. ესპანელი ფეხბურთელი გასპერინისთან კონფლიქტს შეეწირა და გუნდი დატოვა. ილიჩიჩი კი გომესს მხარს უჭერდა. მთავარი პრობლემა იტალიელი მწვრთნელის ტაქტიკა იყო, რომელსაც პაპუ არ ეთანხმებოდა. ღია მხარდაჭერის შემდეგ ჯან პიერომ ხოსიპი ზედიზედ 3 მატჩში არ ათამაშა, თუმცა შემდეგ ისევ დააბრუნა შემადგენლობაში და გუნდს რამდენიმე მატჩში ულიდერა.

ჯერჯერობით სპორტულ მედიაში ვერაფერს ამბობენ იმაზე, თუ რა შედეგები მოყვება სლოვენიელი ფეხბურთელის და გასპერინის კონფლიქტს. ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ ჯან პიერო ხშირად მირანჩუკზე საუბრობს. იტალიელის აზრით რუსი ფეხბურთელი ილიჩიჩის მთავარი შემცვლელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები