''მის მომავალს უკრაინის ნაკრებში ვხედავთ, მაგრამ პატრიოტები გვჭირდება'' - როტანი წიტაიშვილზე
Aa
Aa

''მის მომავალს უკრაინის ნაკრებში ვხედავთ, მაგრამ პატრიოტები გვჭირდება'' - როტანი წიტაიშვილზე

კიევის ''დინამოს'' ექს-ფეხბურთელმა რუსლან როტანმა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა. 39 წლის სპეციალისტი თვლის, რომ უკრაინის ნაკრებში პატრიოტებმა უნდა ითამაშონ და თუ რომელიმე მოთამაშე მოქალაქეობას შეიცვლის, ეს მისი პირადი არჩევანი იქნება.

''დაინტერესებულნი ვართ, რომ წიტაიშვილი და შურანოვი უკრაინის ეროვნულ გუნდში ვიხილოთ. ისინი უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ყურადღებას იქცევდნენ. წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ავუხსენით, რომ უკრაინის ნაკრებში მათ მომავალს ვხედავთ, თუმცა თუ მოქალაქეობის შეცვლას გადაწყვეტენ, ეს მათი პირადი აზრია. ამ თემაზე აზრი მას და მის ოჯახს უნდა ჰკითხოთ.

თუ გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ნაკრებში თამაშზე უარს იტყვის, ეს მისი პირადი არჩევანი იქნება. ვერ ვაიძულებთ, რომ უკრაინის ეროვნულ გუნდში ითამაშოს. ჩვენი სურვილია ეროვნულ ნაკრებში პატრიოტები თამაშობდნენ, ვისაც ნამდვილად სურს უკრაინის ნაკრების მაისურით ასპარეზობა''.

2016 წლიდან მოყოლებული უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკოა. 

უკრაინელი ჟურნალისტი, იგორ ციგანიკმა გიორგი წიტაიშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც უკრაინული და ქართული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. 

„გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა, საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. თავად ფეხბურთელს ასეთი პოზიცია აქვს, მაგრამ შექმნილი ვითარება უბრალო ნამდვილად არაა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ, გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან ძალიან უყვარდა. როცა დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად წიტაიშვილი საქართველოში ჩავიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ მისი ბაბუას სურვილი იყო, მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და გიორგი აპირებს, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში იასპარეზოს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე ვითარება სწორედ ასეთია“, - აცხადებს ციგანიკი.

გიორგი წიტაიშვილი კიევის ''დინამოს'' საკუთრებაა და ამჟამად იჯარით ''ვორსკლაში'' ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები