Aa
Aa

1950 წლის შემდეგ პირველად - ლუკაკუმ 71-წლიანი რეკორდი გაიმეორა

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ეგიდით გამართული „დერბი დელა მადონინა“ „ინტერის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. „ნერაძურიმ“ თანაქალაქელ „მილანს“ ლაუტარო მარტინესის დუბლითა და რომელუ ლუკაკუს გოლით - 3:0 მოუგო.

„შავ-ლურჯთა“ ბელგიელმა თავდამსხმელმა ზედიზედ მე-4 მილანურ დერბიში გაიტანა და ბენიტო ლორენცის 71-წლიანი რეკორდი გაიმეორა. 1950 წლის შემდეგ ლუკაკუ „ინტერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიჯრით ოთხ „დელა მადონინაში“ შეაგდო.

27 წლის ფორვარდმა გუშინდელი მატჩისას საგოლე გადაცემაც შეასრულა. ლაუტარომ ანგარიში სწორედ მისი გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ გახსნა. ზოგადად, ლუკაკუ მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია - იგი კრიშტიანუ რონალდუს 1 ბურთით უსწრებს.

„ინტერმა“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა და იმავე „მილანს“ უკვე 4 ქულით გაუსწრო. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო ტურში კარგ ფორმაში მყოფ „ჯენოას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები