Aa
Aa

"მილანი და პიოლი ქებას იმსახურებენ" - კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

სერია ა-ს მორიგ ტურში გულშემატკივრებმა "დერბი დელა მადონინა" იხილეს. "ინტერმა" "მილანი" 3:0 დაამარცხა და ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნერაძურის" თავკაცმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩემმა ფეხბურთელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ეს იყო კარგად მომზადებული თამაში. ფეხბურთელები დღეს გმირები იყვნენ. ეს იყო მშვენიერი თამაში, ეს იყო დერბი, რომელსაც უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა.

ბედნიერი ვარ, რადგან ამ მატჩისთვის იდეალურად მოვემზადეთ. მთელი მატჩის განმავლობაში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ეს ყველაფერი კი შედეგზე აისახა. გამარჯვება ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "მილანია" ძალიან სასიამოვნოა.

"მილანი" და პიოლი შექებას იმსახურებენ, რადგან ისინი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებიან. გვინდა, რომ გამარჯვება გულშემატკივრებს მივუძღვნათ.

მომდევნო ორი შეხვედრაში "ჯენოას" და "პარმას" ვხვდებით და ამ მატჩების მეშინია. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და დავამტკიცოთ, რომ სერია ა-ს ლიდერობის ღირსები ვართ.

როდესაც უშუალო კონკურენტს ამარცხებ თვითშეფასება იზრდება. დღევანდელმა გამარჯვებამ დაადასტურა, რომ, როგორც გუნდი ძალიან გავიზარდეთ." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ მილანურ დერბიში დუბლი ლაუტარო მარტინესმა გაიფორმა, ერთი გოლი კი რომელუ ლუკაკუმ გაიფორმა. მომდევნო მატჩს "ინტერი" 28 თებერვალს "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები