Aa
Aa

"ჰადსონ-ოდოი თამაშზე არ ფიქრობდა" - ტუხელი საუთჰემპტონთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის "ჩელსი" "საუთჰემპტონს" ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ "არისტოკრატების" თავკაცმა ტომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"უამრავი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ნახევარმცველებმა თავდამსხმელებს უამრავი მომენტი შეუქმნეს, მაგრამ რეალიზება ვერ მოახერხეს. ბურთი კარში არ შედიოდა. ალბათ მეორე გოლის გასატანად პენალტი გვჭირდებოდა.

მეტოქის საჯარიმოში მეორე ტაიმში უფრო მეტი დრო გავატარეთ, მაგრამ მეორე გოლი ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ გავიტანეთ. გადამწყვეტ მომენტში არ გვიმართლებდა.

გუნდი კარგად თამაშობდა. არ გვეპარებოდა კონტრ-შეტევები, თუმცა ერთხელ მოვდუნდით და ამის გამო დავისაჯეთ. როდესაც თამაში რთულდება, აუცილებლად უნდა გამოიყენო პრესინგი, აიძულო მეტოქე შეცდომა დაუშვას და მარტივი შანსი შეიქმნა. ამისთვის კი ძალიან კონცენტრირებული და აგრესიული უნდა იყო. ეს მომენტი ჰადსონ-ოდოიში ვერ დავინახე. 

მან რამდენიმე კარგი კონტრ-შეტევის დაწყების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. დაკარგა რამდენიმე მარტივი ბურთ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კალუმი თამაშზე არ ფიქრობდა და სულ სხვაგან იყო.

ყველამ კარგად იცის, რომ მე მას ვენდობი, რადგან ყველა შეხვედრაში ვათამაშებ. დღეს ჰადსონ-ოდოისთან ახლოს ვიყავი და არ მქონდა განცდა, რომ ის რაიმე ღირებულს გააკეთებდა და მატჩში გადამწყვეტი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ ის თავის შეცდომებს გამოასწორებს. ახლა "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ.

კალუმი შეიძლება "ატლეტიკოსთან" ძირითად შემადგენლობაში დავაყენო და ეს მისთვის მეტი მოტივაცია იქნება. ასეთ შემთხვევაში ის ძალიან საიმედო უნდა იყოს. ჰადსონ-ოდოის სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართვაზე პრობლემები აქვს. მას არ ესიამოვნა, როდესაც "შეფილდთან" ცვლილებაზე შევიყვანე. იგივე მოხდა დღესაც. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ საკუთარი თამაში გააუმჯობესოს და ისწავლოს. ხანდახან ისე ხდება, რომ კალუმი სათადარიგოთა სკამიდან გვჭირდება. ის უნდა შეეგუოს ამას და ისწავლოს." - განაცხადა ტუხელმა

შეგახსენებთ, რომ ჰადსონ-ოდოი ცვლილებაზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოვიდა, მაგრამ გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისელი შემტევი 76-ე წუთზე ჰაკიმ ზიეჩით ჩაანაცვლა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის "ჩელსის" 43 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები