Aa
Aa

"უნაკლო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ" - კონტე მილანთან მატჩის წინ

იტალიის სერია ა-ში გულშემატკივრები "დერბი დელა მადონინას" იხილავენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაპირისპირება ბოლო წლებში თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მატჩის წინ, "ინტერის" თავკაცმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

"ეს დერბი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დაპირისპირებაა, რადგან ორივე გუნდი სერია ა-ს ლიდერობისთვის იბრძვის. ქალაქ მილანისთვის ეს ბრწყინვალე დღეა. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა ჩვენს თანაქალაქელებთან სხვაობა გავზარდოთ.

გალიდერებამ სიმშვიდე მოგვცა. როდესაც ლიდერი ხარ, უფრო მეტი ენთუზიაზმით და მონდომებით უნდა ითამაშო. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთონ და ბოლომდე იბრძოლონ. ჩვენ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც დამსახურებულად არის იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლაა. უნაკლო ფეხბურთის თამაში დაგვჭირდება.

იბრაჰიმოვიჩი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელმაც უკანასკნელ რამდენიმე დერბიში გაგვიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლაც გაიტანს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთონ და მოიგონ.

16 მატჩი დარჩა და რაიმეს პროგნოზირება რთულია. სიტუაცია ყოველ კვირას იცვლება. "მილანის" შემდეგ ჩვენ "ჯენოას" უნდა დავუპირისპირდეთ, მათ კი შესანიშნავი სერია აქვთ." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ინტერი" სერია ა-ს 50 ქულით ლიდერობს და თანაქალაქელ "მილანს" 1 ქულით უსწრებს. ცნობისთვის, მილანური დერბი კვირას 21 თებერვალს თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები