მან. სიტიმ მესისთან მოლაპარაკება უარყო - როგორი იქნება ''რწყილის'' მომავალი?
Aa
Aa

მან. სიტიმ მესისთან მოლაპარაკება უარყო - როგორი იქნება ''რწყილის'' მომავალი?

''მანჩესტერ სიტის'' წარმომადგენელმა Sky Sports-თან საუბრისას განაცხადა, რომ ''ქალაქელები'' ლიონელ მესის ტრანსფერზე არ მუშაობენ. მისი თქმით ''მან. სიტის'' არც გასულ ზაფხულს და არც ახლა არგენტინელისთვის კონტრაქტის გაფორმება არ შეუთავაზებია და ინფორმაცია მხარეებს შორის მოლაპარაკების ნამდვილობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ევროპული მედია ინფორმაციას ავრცელებდა მესის ''მან. სიტიში'' ან პსჟ-ში გადასვლის შესახებ, თუმცა აღნიშნული კომენტარის მიხედვით, იმ ფაქტორის მიუხედავად რომ მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ''ქალაქელები'' ''რწყილის'' დამატებაზე არ ზრუნავენ.

''მან. სიტის'' მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ლიონელ მესისთან ''ბარსელონაში'' 2008-12 წლებში მუშაობდა. ამ პერიოდში ესპანურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, ლა ლიგა კი - სამჯერ.

რას წერდა ბრიტანული მედია ვიდრე ''მან. სიტის'' წარმომადგენელი კომენტარს გააკეთებდა

ბრიტანულ პრესაში ლიონელ მესის შესახებ საინტერესო ინფორმაცია 18 თებერვალს გავრცელდა. ავტორიტეტული გამოცემა Sun-ი წერდა, რომ „მანჩესტერ სიტი“ არგენტინელ ფეხბურთელს დაუკავშირდა და განახლებული წინადადებით მიმართა.

ზაფხულში იწერებოდა, რომ „ქალაქელები“ „ლა პულგას“ 5-წლიან კონტრაქტსა და 600 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდნენ, ამჯერად კი „სიტის“ წინადადება ოდნავ მოკრძალებულია. Sun-ის ცნობით „ქალაქელებმა“ მესის წარუდგინეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იგი 5 წლის განმავლობაში 430 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ბრიტანული გამოცემა ცვლილებებს მსოფლიოში არსებული ფინანსური კლიმატითა და მესის ასაკით ხსნის. ამასთან, მანჩესტერელები პოზიციას არ ცვლიან და სურთ, რომ არგენტინელმა შემტევმა 2 წელი „სიტიში“ გაატაროს და მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს, ხოლო დარჩენილი 2 წელი MLS-ში, City Football Group-ის მფლობელობაში მყოფ ''ნიუ იორკ სიტიში“ ითამაშოს.

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები

მიმდინარე წელი ''ბარსელონასთვის'' განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სეზონის დასრულების შემდეგ კი მესი არჩევანს გააკეთებს კლუბის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით. ''რწყილი'' ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და ახალი პრეზიდენტის პრიორიტეტები დიდწილად გავლენას მოახდენს მესის არჩევანზე.

კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება. წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ჟოან ლაპორტა აშკარა ფავორიტია. მას კონკურენციას ტონი ფრეიხა და ვიქტორ ფონტი გაუწევენ. როგორც Goal-ი იუწყება, მესის საპრეზიდენტო კანდიდატებთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ არ უსაუბრია. არგენტინელის მომავალი არჩევნების შემდეგ უფრო მეტად გამოიკვეთება და ბუნდოვანებას მეტი სიცხადე შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები