პირველად 2016 წლის შემდეგ - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე იასპარეზებს
Aa
Aa

პირველად 2016 წლის შემდეგ - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე იასპარეზებს

მსოფლიოს რეიტინგში მე-40 ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიიდან გეზს საფრანგეთისკენ აიღებს და მონპელიეს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის საპრიზო ფონდი 262 170 ევროს შეადგენს. Open Sud de France 22 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. გათამაშების მოქმედი გამარჯვებული ფრანგი გაელ მონფილსია.

Open Sud de France-ზე ბასილაშვილი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზებს. ბოლოს მან აღნიშნულ ტურნირში 2016 წელს მიიღო მონაწილეობა, როცა პირველივე წრეში კვალიფიკაციის გამარჯვებულ კენი დე შეპერთან დამარცხდა.

ფრანგული მედიის ცნობით მონპელიეს ტურნირის რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი მეცხრე იქნება. ის რობერტო ბაუტისტა აგუტის, დავიდ გოფინს, დუშან ლაიოვიჩს, ჰუბერტ ჰურკაჩს, უგო უმბერს, ლორენცო სანოგოს, იანიკ სინერსა და იან-ლენარდ შტრუფს ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილმა წარუმატებლად იასპარეზა. წყვილთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გერმანელი ჩოგბურთელის, ანდრე ბეგემანის დუეტი პირველ ნომრად განთესილ წყვილს, ხუან სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარას დაუპირისპირდა. ბასილაშვილი და ბერგმანი კოლუმბიელებთან დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში 7:6 6:7 4:6 დამარცხდნენ.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ნიკოლოზმა ამერიკელ ჩოგბურთელთან ტომი პაულთან სამ სეტში 4:6 6:7 4:6 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები