''ბრუნო არასდროს კმაყოფილდება, 18 წლის ტალანტი სასტარტოს უახლოვდება'' - სულშერი ლიდერებს აქებს
Aa
Aa

''ბრუნო არასდროს კმაყოფილდება, 18 წლის ტალანტი სასტარტოს უახლოვდება'' - სულშერი ლიდერებს აქებს

ევროპა ლიგაზე ''სოსიედადთან'' გამარჯვების შემდეგ ''მან. იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სულშერის თქმით 18 წლის ამად დიალო ახლოსაა ''მან. იუნაიტედის'' სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრასთან. 18 წლის გარემარბმა ბასკურ გუნდთან მატჩში მინდორზე მცირე დრო გაატარა, თუმცა შესაძლოა უახლოეს პერიოდში ''წითელი ეშმაკების'' სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

''სოსიედადისა'' და ''მან. იუნაიტედის'' შეხვედრა ტურინში გაიმართა და ინგლისურმა გუნდმა ოთხი უპასუხო გოლი შეაგდო. ბრუნო ფერნანდეშის დუბლის გარდა თავი მარკუს რაშფორდმა და დენიელ ჯეიმსმა გამოიჩინეს.

ამად დიალო ''მან. იუნაიტედს'' იანვარში ''ატალანტადან'' შეუერთდა, კლუბის ახალწვეულია და ახალ გარემოსთან ადაპტირებისას სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა.

დიალომ ''სოსიედადთან'' მატჩში მინდორზე დაახლოებით 10 წუთი გაატარა, მან მეისონ გრინვუდი შეცვალა. ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით ამად დიალოს როლი ''ოლდ ტრაფორდზე'' უახლოეს მომავალში გაიზრდება.

რაც დიალოს შესახებ სულშერმა თქვა

''ის ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, ამიტომ ჩავრთე თამაშში და პირველად დავუთმე 10 წუთი'' - აღნიშნა სულშერმა BT Sport-თან საუბრისას.

პრესკონფერენციაზე სულშერმა განაცხადა: ''გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ როდის მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში, ''ნიუკასლთან'' მატჩის შემდეგ მივიღებ. მან სარეზერვო გუნდში 2 მატჩი ჩაატარა. სათადარიგოთა სკამზე სხვა ფეხბურთელებიც არიან, რომლებსაც სასტარტოში თამაში სურთ, თუმცა ამასთან ყველაზე ახლოს ამად დიალოა''.

პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ''ნიუკასლთან'' მატჩის შემდეგ ''მან. იუნაიტედი'' კვლავ ევროპა ლიგაზე გადაერთვება, რადგან ''სოსიედადთან'' საპასუხო მატჩია გასამართი, თუმცა სულშერის თქმით სასტარტო შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს არ აპირებს.

''ვაპირებთ როტაციას მივმართოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაუფიქრებლად''.

საქებარი სიტყვები დენიელ ჯეიმსსა და ბრუნო ფერნანდეშზე

სულშერმა დენიელ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა: '' შეგიძლიათ ნახოთ მისი ''იქს-ფაქტორი'', რაც დღევანდელ მატჩში აჩვენა ინტენსიურობით, უკან სირბილითა და გოლების გატანით. ის განვითარებისთვის ყოველდღიურად შრომობს. დენიელმა კარგად იცის თუ რამდენად ვაფასებთ მას''.

სულშერის თქმით ბრუნო ფერნანდეში ყოველთვის ცდილობს საუკეთესოდ იმოქმედოს და ამ თვისებას არასდროს კარგავს.

''თუ ბრუნო ერთ გოლს შეაგდებს, მას ორი გოლის გატანა უნდა ან თუ ერთ საგოლე პასს შეასრულებს, ორის გაკეთების სურვილი აქვს. ''სოსიედადთან'' მაღალ დონეზე ითამაშა. იმ სივრცეებში მოქმედებდა, სადაც ჩვენ გვსურდა. შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენად ეფექტური იყო. მას ყოველთვის აქვს იმის ამბიცია, რომ იმაზე მეტი გააკეთოს ვიდრე უკვე აჩვენა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები