მატჩის წინ - იუვენტუსი VS მილანი
Aa
Aa

მატჩის წინ - იუვენტუსი VS მილანი

დღეს ყატარის დედაქალაქ დოჰაში, „იასიმ ბინ ჰამად სთედიუმზე“, იტალიის სუპერთასი ისტორიაში 29-ედ გათამაშდება.

ფავორიტად შერაცხული „იუვენტუსი“ ამ ტიტულის მერვედ მოგებასა და ოქტომბერში „სან სიროზე“ განცდილი მარცხისათვის რევანშის აღებას ეცდება.

მასიმილიანო ალეგრი დღეს დაცვის ხაზის 2 მნიშვნელოვან წევრს, ლეონარდო ბონუჩისა და დანი ალვეშს ვერ დაიხმარს. შესაბამისად, დაცვის ცენტრში კვლავ რუგანისა და კიელინის დუეტს ვიხილავთ. აი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ჯიჯი ბუფონი კი, „იუვენტუსის“ მაისურით მე-600 შეხვედრას ითამაშებს.

საპირისპირო მხარეს ტრავმირებულნი რიკარდო მონტოლივო, დავიდე კალაბრია და მატი ფერნანდესი არიან. თუკი Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, ვინჩენცო მონტელა კარგა ხნიანი პაუზის შემდეგ, ძირითადში კარლოს ბაკას გაამწესებს, რომელსაც წინა ხაზზე სუსო და ბონავენტურა შეუწყვილდებიან.

რას ამბობენ ფეხბურთელები...

ჯანლუიჯი ბუფონი: "მოხარული ვარ ჩემი მიღწევით. თუმცა არ ვფიქრობ, რომ გუნდისთვის უკვე ყველაფერი გავაკეთე, საამისოდ დრო კიდევ მექნება. თუნდაც დღეს, როცა ტიტულის მოგება მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ".

პაულო დიბალა: "რთული თამაში იქნება. როცა „მილანმა“ ბოლოს მოგვიგო გაცილებით სხვა სიტუაცია იყო, ახლა აუცილებელია შეცდომები აღარ დავუშვათ და თასი მოვიგოთ. თუკი ჩვენი თამაშის ჩვენებას შევძლებთ, დარწმუნებული ვარ გამარჯვება „იუვეს“ დარჩება".

ალესიო რომანიოლი: "ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია. კარგი იქნება თუ მას მოვიგებთ, ეს ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთული იქნება, თუმცა ბოლო ურთიერთშეხვედრამაც გვანახა, რომ ჩვენ „იუვენტუსის“ დონის გუნდის დამარცხება შეგვიძლია".

იგნასიო აბატე: „მილანი“ ის გუნდია, რომელსაც ერთი კონკრეტული თამაშისთვის მომზადება ძალიან კარგად შეუძლია. ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ტიტულის მოგება უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ეს გუნდს დიდი ხანია არ გაუკეთებია. „როსონერის“ აქ ბევრი ფანი ჰყავს, რომლებიც ძალიან თბილად დაგვხვდნენ და მათ მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში ვგრძნობთ. ეს გამარჯვება მათ და პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის უნდა მივუძღვნათ, რომელიც გუნდისგან საჩუქარს იმსახურებს. მოსაგებად კი საუკეთესო თამაშის ჩვენება და მაქსიმალური კონცენტრაცია დაგვჭირდება".

ცოტა რამ ისტორიიდან...

ეს ტურნირი სათავეს 1988 წლიდან იღებს და მისი პირველი გამარჯვებული „მილანია“.

ამ მომენტისათვის „როსონერის“ ქვეყნის სუპერთასი 6-ჯერ აქვს მოპოვებული და თუკი მას დღესაც დაეუფლება, ამ მხრივ რეკორდსმენ „იუვენტუსს“ გაუთანაბრდება, რომელიც ამ თასის მოქმედი მფლობელია - „ბებერმა სინიორამ“ წინა წელს პეკინში „ლაციოს“ 2:0 აჯობა.

საინტერესოა, რომ დოჰაში, ხსენებულ სტადიონზე ტურინელები მეორე მატჩს ითამაშებენ. პირველად მათ 2014 წელს „ნაპოლისთან“ გამართეს სუპერთასის შეხვედრა, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო, ტევესისა და მაშინ „ნაპოლის“ ლიდერ იგუაინის დუბლების წყალობით 2:2 დასრულდა. საბოლოოდ მატჩი ნეაპოლელებმა პენალტებით მოიგეს და ამ ტიტულს მეორედ დაეპატრონნენ.

რაც შეეხება „მილანს“, მან ეს ტურნირი ბოლოს 2011 წელს „იუვეს“ ამჟამინდელი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით მოიგო, როცა „ინტერი“, იბრაჰიმოვიჩისა და ბოატენგის გოლებით 2:1 დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: ბუფონი - ბარძალი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - სტურარო - ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი - დიბალა, იგუაინი. 

მილანი: დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - ლოკატელი, კუცკა, ბერტოლაჩი - სუსო, ბონავენტურა, ბაკა. 

მსაჯი, დრო და TV

შეხვედრის მთავარი არბიტრი ანტონიო დამატოა.

მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი ხილვა სხვა ტელეარხებთან ერთად, იტალიის მთავარ სატელევიზიო არხ RAI-ზე შეგვეძლება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები