Aa
Aa

„ვეცდები საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინო" - ნაკრების ახალი ლეგიონერი

საქართველოს ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსებას კონერ ფრენკემპი დაიცავს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 17-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფრენკემპმა საკალათბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები „ვიჩიტა ნორსის“ სკოლაში გადადგა და დამამთავრებელ წელს საშუალოდ 31.1 ქულას, 3.8 შედეგიან გადაცემას, 3.5 მოხსნასა და 2.5 ჩაჭრას აკეთებდა. მასზე დიდი ავანსები იყო გაცემული და იგი ამერიკულ კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთმა წამყვანმა გუნდმა, „კანზას ჯეიჰოუქსმა“ შეითანხმა.

„კანზასში“ კონერს სათამაშო დრო არ ეძლეოდა და სათადარიგოთა სკამის კალათბურთელი გახლდათ. მან „ჯეიჰოუქსის“ რიგებში 1 სეზონი გაატარა, საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა და მომდევნო სეზონის სტარტზე „ვიჩიტა სტეიტში“ გადასვლა გადაწყვიტა. „შოკერსის“ მაისურით იგი ცუდად არ გამოიყურებოდა და მეოთხე კურსზე მისი საშუალო მონაგარი 10.6 ქულა და 2.2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

2018 წლის დრაფტზე ფრენკემპი NBA-ის არცერთ გუნდს აურჩევია და მან კარიერა ბულგარულ გუნდში, „ბეროეში“ განაგრძო, სადაც 19.3 ქულასა და 4.3 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. მომდევნო წელს იგი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ საზაფხულო ლიგის შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ მონაწილეობა მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო და გუნდს მისთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებია.

აშშ-დან მან საბერძნეთს მიაშურა და „რეთიმნო კრეტან კინგსს“ შეუერთდა, სადაც იგი შესანიშნავად ასპარეზობდა, საშუალოდ 20.9 ქულასა და 4.1 ასისტს აგროვებდა და საბერძნეთის ლიგის საუკეთესო მექულე და ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე გახდა. 2020 წლის 9 ივნისიდან ფრენკემპი „მურსიას“ რიგებში თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები